ლიბიელების მიერ დაცხრილული თურქული ხომალდი ფეთხიეს პორტისკენ მიემართება

© photo: Sputnikეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქულ სატვირთო გემზე მყოფი 6 ქართველი მეზღვაური დაბომბვის შედეგად არ დაშავებულა.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. თურქული მშრალტვირთმზიდი Tuna 1, რომელიც ლიბიის სამხედროებმა დაბომბეს და რომლის ბორტზეც 6 ქართველი მეზღვაური იმყოფება, თურქეთის სამხრეთ–დასავლეთით მდებარე ქალაქ ფეთხიეს პორტისკენ მიემართება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ  სამშაბათს 12 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ  ხომალდს, რომელიც ლიბიის პორტ ტობრუკში მიემართებოდა, 10 მაისს გაუხსნეს ცეცხლი. დაბომბვის შედეგად დაიღუპა კაპიტნის თანაშემწე, ხოლო ეკიპაჟის რამდენიმე  წევრმა სხეულის დაზიანება მიიღო. წყარო ლიბიის სამხედრო ხელმძღვანელობიდან გვატყობინებს, რომ თავდასხმის შედეგად ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა.

 „ამ დროისთვის  გემი თურქეთის პორტ ფეთხიესაკენ მიემართება. Tuna 1–ის დასახვედრად,თურქეთმა ხომალდი გაგზავნა, რომელზეც ეკიპაჟის დაღუპული წევრის გვამის გადასვენება მოხდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  მუდმივი კავშირი აქვს თურქეთის შესაბამის უწყებებთან და საქართველოს საელჩოსთან თურქეთში", – ნათქვამია განცხადებაში.

 როგორც ლიბიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა  მოჰამედ ჰეჯაზიმ განაცხადა, ლიბიელმა სამხედროებმა თურქული  მშრალტვირთმზიდი  ხომალდი ჯერ გააფრთხილეს არ მიახლოებოდა აღმოსავლეთ პორტ  დერნას,  რომელსაც ბოევიკი–ისლამისტები აკონტროლებენ  და მხოლოდ ამის შემდეგ გახსნეს ცეცხლი, იუწყება „რია ნოვოსტი“.


 

 

ყველა ახალი ამბავი
0