თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა ერთი მესამედი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, სერიოზული სიგნალია ქვეყანაში არსებული პროდასავლური ძალებისთვის, განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს სამშაბათს, 12 მაისს.
NDI – ის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მისაღებია გამოკითხულთა 31% – სთვის და 41% – სთვის – მიუღებელი.
„ვფიქრობ, კარგად დაფიქრება გვმართებს შედეგებზე. 31 პროცენტი − ეს სერიოზული სიგნალია ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელთათვისაც დასავლური არჩევანი (ევროკავშირი, ნატო) სტრატეგიული მნიშვნელობისაა. მათ უნდა შეძლონ კონსოლიდაცია ამ იდეის პოპულარიზაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა მარგველაშვილმა.
ამასთან, გამოკითხულთა 68 %სთვის მისაღები აღმოჩნდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, 16 % – სთვის კი მიუღებელი.
სწრაფვა ნატო–სკენ მისაღებია 65 % – სთვის და მიუღებელია 20 % – სთვის.
სოციოლოგიური კვლევა „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მიმდინარე წლის 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4 360 ადამიანი გამოიკითხა, ცდომილება 2,3%–ს შეადგენს.