თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ამერიკის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რესპონდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა, გამოკითხულთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს საფრთხე გაზვიადებულია.
გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია NDI–ის ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა (Laura Thornton) ორშაბათს, 11 მაისს, სასტუმრო „რედისონში“ გამართა.
კვლევის თანახმად, საქართველოსთვის რუსეთს „რეალურ და არსებით საფრთხედ“ მიიჩნევს რესპონდენტთა 47%. ამასთან, გამოკითხულთა 36 % ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოსთვის, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია. 12% ვარაუდობს, რომ რუსეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საქართველოსთვის, ხოლო 5%–მა თავი შეიკავა კითხვაზე პასუხის გაცემისგან.
შედარებისთვის, 2014 წლის ივლის–აგვისტოში ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ რუსეთს საქართველოსთვის „რეალურ და არსებით საფრთხედ“ განიხილავდა გამოკითხულთა 42%. მაშინ ამ პოზიციას არ ეთანხმებოდა 15%.
2008 წლის აგვისტოს ომისა და მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველომ გაწყვიტა დპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან.
საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დაასახელეს, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ. ამ დროიდან დაიწყო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების დალაგების პროცესი. 2013 წლის მაისში მხარეებმა მოილაპარაკეს სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის თაობაზე, თუმცა, დიპლომამტიური ურთიერთობები ქვეყნებს შორის კვლავ შეწყვეტილია, საქარათველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმი მოქმედებს.
სოციოლოგიური კვლევა „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მიმდინარე წლის 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4 360 ადამიანი გამოიკითხა, ცდომილება 2,3%–ს შეადგენს.
NDI–ის კვლევებს საქართველოში შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტო (SIDA) აფინანსებს. გამოკითხვებს ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).