თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მეორე ფაზის 15 ძირითადი მოთხოვნიდან 7 შეასრულა, იუწყება ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს პრეს–სამსახური.
ევროკომისიის მიერ 8 მაისს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, მოთხოვნები ისეთ სფეროებშია შესრულებული, როგორებიცაა: დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრების მართვა, ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, სასამართლოების თანამშრომლობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, გადაადგილების თავისუფლება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
„თითქმის შესრულებულია“ VLAP–ით გათვალისწინებული სხვა ოთხი მოთხოვნაც. კერძოდ: მიგრაციის მართვა, ფულის გათეთრება, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობა და უმცირესობათა უფლებები. ხოლო კიდევ ოთხი მოთხოვნა: თავშესაფარი, ბრძოლა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ, კორუფციასთან ბრძოლა, ბრძოლა ნარკოტიკებთან, ევროკომისიის მიერ შეფასებულია როგორც „ნაწილობრივ შესრულებული შემდგომი პროგრესის კარგი პერსპექტივით“.
„ევროკომისიის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეოთხე ბლოკის შესრულების თვალსაზრისით (მეორე ფაზა. – რედ.) არსებითია, რაც გამოხატავს ქვეყნის მტკიცე ნებას შეასრულოს დასახული ამოცანები. ეს გახლავთ დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის შემდეგი ანგარიში 2015 წლის ბოლომდე მომზადდება.