თბილისი, 8 მაისი – Sputnik. კვიპროსის წარმომადგენელთა პალატამ (საკანონმდებლო ორგანო) ხუთშაბათს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური პარასკევს, 8 მაისს.
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის თაობაზე შეთანხმება, ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა ბრიუსელში. საქართველოს პარლამენტმა 18 ივლისს მოახდინა დოკუმენტის რატიფიკაცია, ხოლო ევროპარლამენტმა – 18 დეკემბერს. შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელია, რომ მისი რატიფიცირება მოახდინოს ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ.
”კვიპროსის მრავალპარტიულ პარლამენტში ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს მხოლოდ ”მშრომელი ხალხის პროგრესული პარტიის” (AKEL) წარმომადგენლებმა. სხვა პოლიტიკურმა ძალებმა დააფიქსირეს საკუთარი მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხში”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
კვიპროსი მეოცეა ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებს შორის, რომლებმაც უკვე მოახდინეს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. უფრო ადრე დოკუმენტის რატიფიკაცია მოახდინეს ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთის, მალტის, სლოვაკეთის, შვეციის, უნგრეთის, ესტონეთის, დანიის, ხორვატიის, ირლანდიის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, გერმანიის, ლუქსემბურგის, პოლონეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიიის საკანონმდებლო ორგანოებმა.
I