თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ქვეყნის მთავრობას ”პოლიტიკური პარაზიტი” უწოდა, ხოლო პარლამენტის დეპუტატები სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა.
პარასკევს, 8 მაისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და მისი პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა გაიმართება. ამ წუთებში პროგრამას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს აცნობს.
”მილიარდერის, ოლიგარქის (ბიძინა ივანიშვილის) მიერ მოსყიდული საქართველოს პარლამენტი მორიგ სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის და ხელახლა ამტკიცებს მთავრობას, რომელმაც სიღატაკის, კრიზისის, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სტაგნაციის უფსკრულში გადაგვჩეხა”, – განაცხადა ნათელაშვილმა პარასკევს, 8 მაისს.
მისი თქმით, რამდენჯერაც არ უნდა დაამტკიცონ ღარიბაშვილი, "მისგან არ გამოვა მოაზროვნე, რეფორმატორი და პოლიტიკური ლიდერი, რომელიც შეძლებს კრიზისების გადალახვას”.
”შესაბამისად, არავითარი ახალი მთავრობის შექმნა, არავითარი ნდობის გამოცხადება არ მიგვიყვანს დანაპირებების შესრულებამდე… ისინი გრძნობენ, რომ მათი ფინალი ახლოვდება. ეს ჩვენც კარგად ვიცით და ვემზადებით იმისთვის, რომ გავასუფთავოთ საქართველო ასეთი პოლიტიკური პარაზიტებისგან. ეს დრო ძალიან მალე დადგება”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
განახლებულ მთავრობაში სამი ახალი მინისტრია. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს სათავეში ჩაუდგა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს – აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს –საავტომობილო ჰოლდინგ Iberia Business Group-ის პრეზიდენტი ტარიელ ხიჩიკაშვილი. პარლამენტმა უკვე შეუწყვიტა უფლებამოსილება ხიდაშელსა და აგულაშვილს.
2014 წლის ივლისში დამტკიცებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც 29 აპრილს მინისტრთა კაბინეტის რიგით მეშვიდე წევრი – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.
მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს მმართველი პოზიციიდან განდევნა მიხეილ სააკაშვილის პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. მთავრობას სათავეში ჩაუდგა ივანიშვილი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, როცა კოალიციის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მან განაცხადა, რომ ამოცანა შეასრულა და დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი. შემცვლელად კი დაასახელა მთავრობის ახლანდელი თავმჯდომარე ირაკი ღარიბაშვილი.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად ის კვლავაც განაგრძობს საქართველოს მართვას, მაგრამ უკვე კულისებიდან.
I