თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პარასკევს, 8 მაისს მესამე, უკანასკნელი მოსმენით განიხილა და დაამტკიცა ცვლილებები კანონში ”უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობის შესახებ”, რომელთა თანახმადაც, მარტივდება ქვეყანაში შემოსასვლელი ვიზის მიღება.
კანონპროექტის მიღებას პარლამენტის 148 დეპუტატიდან მხარი 87–მა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო. ცვლილებათა დიდი ნაწილი ძალაში შევა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეს“ საიტზე გამოქვეყნების შემდეგ.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოში მოწვევა შეუძლიათ გააკეთონ ფიზიკურმა პირებმაც. დღემდე ეს მხოლოდ საქართველოში დარეგისტრირებული იურიდიული პირების პრეროგატივა იყო.
ცვლილებების თანახმად, საქართველოში ჩამოსვლის მსურველ ყველა უცხოელს, რომლებიც მესამე ქვეყანაში ცხოვრობენ მრავალჯერადი ვიზის ან ბინადრობის უფლების საფუძველზე, უფლება ეძლევათ, ვიზის მისაღებად მიმართონ საქართველოს საკონსულოს ან საელჩოს იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობენ, და იქვე მიიღონ იგი. ამასთან, მათი ვიზების ან ბინადრობის უფლების მოქმედების ვადა სამი თვით უნდა აჭარბებდეს საქართველოში ვიზის მოქმედების ვადას. ამ ეტაპზე ამ უფლებით მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ, რომლებშიც არის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები.
ამას გარდა, გრძელვადიანი ვიზის მოქმედების ვადა 90 დღიდან ერთ წლამდე იზრდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში ფლობენ 35 ათას დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას (სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის გარდა), ან ეს უძრავი ქონება დარეგისტრირებულია მათი მეუღლის ან არასრულწლოვანი შვილის სახელზე. ქონებას შეაფასებს აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ცენტრში აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ამასთან, ეს მოქალაქეები შეძლებენ მიიღონ როგორც საიმიგრაციო ვიზა 2–10 დღის პერიოდში, ასევე მოკლევადიანი ბინადრობის უფლებაც.
ცოტა ხნის წინ საქართველომ ჩვეულებრივ ვიზებთან ერთად ელექტრონული ვიზების გაცემა დაიწყო. კანონში ეს სიახლე გამოჩნდება ტერმინ „ვიზის“ განმარტებაში ძირითადი ცვლილებების ძალაში შესვლიდან 30 დღის თავზე. ელექტრონული ვიზის მისაღებად აუცილებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ პორტალზე www.evisa.gov.ge განაცხადის შევსება. ასეთი ვიზის ღირებულება 20 დოლარი იქნება.
მოკლევადიანი ვიზის მისაღებად ელექტრონული განაცხადის შევსებისას მისი განხილვის ვადა მცირდება 10–დან 2 დღემდე, მაგრამ თუ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების გადამოწმება დასჭირდება, ეს ვადა შეიძლება 30 დღემდე გაიზარდოს. ხოლო ვიზის მისაღებად საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის მიმართვის შემთხვევაში განხილვის ვადა შეადგენს 10 დღეს.
I