თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პარასკევს, 8 მაისს, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა თინა ხიდაშელს, რომელიც თავდაცვის მინისტრი გახდა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს–გიგლა აგულაშვილს.
დადგენილებას ხიდაშელისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მხარი დაუჭირა 105–მა დეპუტატმა ერთის წინააღმდეგ, ხოლო გიგლა აგულაშვილის შემთხვევაში 104–მა ერთის წინააღმდეგ.
პარასკევს, მოგვიანებით, მოხდება 1 მაისს განახლებული მთავრობისთვის ნდობის ვოტუმის გამოცხადება. ეს პროცედურა, საჭირო შეიქმნა მას შემდეგ, რაც 29 აპრილს მინისტრთა კაბინეტის რიგით მე–7 წევრმა – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა – დატოვა დაკავებული თანამდებობა. სამინისტროს სათავეში ჩაუდგა სავტომობილო ჰოლდინგ „Iberia Business Group"–ის პრეზიდენტი ტარიელ ხიჩიკაშვილი.
განახლებული მინისტრთა კაბინეტის ნდობის ვოტუმის გამოსახატავად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. მას შემდეგ, რაც ხიდაშელსა და აგულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდათ, პარლამენტში 148 დეპუტატი დარჩა.
Ruso