თბილისი. 8 მაისი. Sputnik. ქართულ-ევროპული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნება 10 მაისს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. ამის შესახებ სააგენტოს კორესპონდენტს საქართველოს ეროვნულ არქივში აცნობეს.
ღონისძიება ტარდება პროექტის „ერთად მივესალმოთ ევროპას“ ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ეროვნული არქივის მხარდაჭერით.
ფოტოექსპოზიციაზე 145 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც იმ ადამიანების ისტორიას ასახავენ, ვინც საკუთარი ქვეყნის განვითარების მომავალს ევროპული ფასეულობების კონტექსტში ხედავს. ასევე გამოიფინება ბელგიური ოჯახის — მიულსების საქართველოში გადაღებული ფოტოები, რომლებიც ასახავენ საქართველოს სამრეწველო პარტნიორობას დასავლეთთან.
„მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ქართულ-ევროპული კულტურულ-პოლიტიკური ურთიერთობების ქრონოლოგიაზე იმ წლების პრესის ფოტოგრაფთა ნამუშევრები მოგვითხრობენ“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრეს–რელიზში.
ამასთან აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული არქივის ფონდში დაცული მეოცე საუკუნის ფოტოები „გადმოგვცემენ ურთიერთობათა ისტორიას. განსხვავებული მმართველობის მოდელისა და პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად დროთა განმავლობაში არ შეცვლილა საქართველოს ევროპულ სახელმწიფოებთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილი“.
„ევროპის დღეებისადმი“ მიძღვნილი ფოტოგამოფენა 28 მაისამდე გაგრძელდება.
T