თბილისი, 7მაისი-SPUTNIK. ქართველი კინორეჟისორის ლევან თუთბერიძის ფილმი „ცხრა მთას იქით“ იქნება ნაჩვენები აშშ-ში. ფილმის „გასეირნება ყარაბახში“ შემქმნელისაგან ნაჩვენები იქნება 15 მაისს სიეტლში საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.
„ცხრა მთას იქით“ – ინგლისელი ფოტოგრაფის ემის ისტორიაა, რომელიც საქართველოში ჩამოდის ფოლკლორულ ექსპედიციაში და მოულოდნელად მთებში თავის სიყვარულს შეხვდება. ახალგაზრდა გოგონას გულში ძლიერ გრძნობას აღვიძებს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი სოფლის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი —კოპალა, რომელიც განასახიერებს ძველ ქართულ მითოლოგიურ ღმერთს.
მაგრამ სასიყვარულო განცდებთან ერთად, ემის მოუწევს შეეჩეხოს ამ თვითმყოფადი მხარის ძველებურ, მკაცრ ტრადიციებს. მითისა და რეალობის მიჯნაზე მყოფი ადამიანების ცხოვრებისეულ თვალთახედვას, ცივილიზაციისა და მითოლოგიის ბრძოლას, რომელშიც ეს უკანასკნელი იმარჯვებს.
ახალგაზრდა ინგლისელი ქალის ყველა ევროპული ღირებულება —დამოუკიდებლობა, პირადი თავისუფლება, ვნება ეჯახება შეუძლებლის შეცვლის სურვილს — საუკუნეობრივი ტრადიციების მატარებელ ადამიანთა შეურიგებელ თვალსაზრისს თანამედროვე ცხოვრებაზე.
კინოსურათი „ცხრა მთას იქით“ აკა მორჩილაძის სცენარითაა გადაღებული, ოპერატორია გიორგი შველიძე, მუსიკა — კომპოზიტორ ზაზა მიმინოშვილის. მთავარ როლებში მონაწილეობენ კრისტიან ბენეტი, თორნიკე ბზიავა და მიხეილ გომიაშვილი.
ლევან თუთბერიძე — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, არის რეჟისორი ფილმებისა „გასეირნება ყარაბახში“, „უშენოდ მგონი მოვკვდები“, „წარსულის აჩრდილები“, „ლაზარეს უკანასკნელი ლოცვა“ და ერთ-ერთი ნოველისა ფილმიდან „თბილისო მე შენ მიყვარხარ“.
ფილმ „ცხრა მთას იქით“ გადაღება რეჟისორმა თავისი ხმაურიანი ფილმის „გასეირნება ყარაბახში“ გადაღებიდან ოთხი წლის შემდეგ დაიწყო. გადაღებები მიმდინარეობდა ხადას (დუშეთი) ხეობაში 2013 წლის აგვისტოში.
ამერიკულ კინოგაქირავებაში ფილმი გავა სახელწოდებით „Village”.