თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ხუთშაბათს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, პარასკევს, 8 მაისს, თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს გიგლა აგულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებები შეუწყდებათ.
დღეისათვის თინა ხიდაშელი კვლავ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა, ხოლო გიგლა აგულაშვილი – პარლამენტის აგრარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე.
„ დღის წესრიგის თანახმად, რიგგარეშე სხდომაზე პირველ საკითხად, პარლამენტის წევრები გიგლა აგულაშვილისა და თინა ხიდაშელისთვის ვადაზე ადრე სადეპუტატო უფლებამოსილებების შეჩერებას განიხილავენ“,– ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან აღნიშნულია, რომ სხდომის ძირითადი ნაწილი დაეთმობა ხელისუფლების პროგრამას –„ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველო“ და 1 მაისს ხელისუფლების განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის ვოტუმის გამოცხადების საკითხს. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნის დადგენილება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წინა დღეს გამოსცა.
ნდობის გამოცხადების საკითხი 2014 წლის ივლისში ღარიბაშვილის მეთაურობით დამტკიცებული ხელისუფლებისთვის წინ წამოიწია მას შემდეგ, რაც 29 აპრილს მინისტრთა კაბინეტის რიგით მე–7 წევრმა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა დატოვა დაკავებული თანამდებობა. სამინისტროს სათავეში ჩაუდგა საავტომობილო ჰოლდინგ „იბერია ბიზნეს ჯგუფი“-ს პრეზიდენტი ტარიელ ხიჩიკაშვილი.
მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის ვოტუმის დასადასტურებლად პარლამენტის სიითი შემადგენლობის ხმების უმრავლესობა არის საჭირო. გამომდინარე იქიდან, რომ სხდომის პირველი საკითხი ახალი მინისტრებისათვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის საკითხი იქნება, განახლებული მთავრობისათვის ხმის მიცემის მომენტში პარლამენტი 148 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი