თბილისი, 8 მაისი, Sputnik. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მოქალაქე დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია უწყების მოხელეთა სახელით მოქალაქეთა მოტყუებაში და ფულის გამოძალვაში ფალსიფიცირებული პასპორტისა და დოკუმენტების დამზადების სანაცვლოდ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი, საქართველოს მოქალაქე (ი. ა.), ასევე, საქართველოს მოქალაქეს (დ. ბ.) ყალბი დაბადების მოწმობის, პირადობის მოწმობისა და საზღვარგარეთის პასპორტის დამზადებას ჰპირდებოდა და ატყუებდა, რომ ამისთვის საჭირო იყო იუსტიციის სახლში მომუშავე პირებისათვის გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა. კერძოდ, დაკავებულმა პიროვნებამ (ი. ა.) საქართველოს მოქალაქეს (დ. ბ.) საქმის მოსაგვარებლად მოსთხოვა 4000 ამერიკული დოლარი, საიდანაც 1000 ამერიკული დოლარი წინასწარ გამოართვა, ვითომდა იუსტიციის სახლის თანამშრომლებისათვის გადასაცემად, და თაღლითურად მიითვისა“,—იტყობინება იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური.
გენერალურ ინსპექციაში 2015 წლის 6 თებერვლიდან მიმდინარეობს გამოძიება მოხელეთა მიერ შესაძლო ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 338-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან ქრთამის აღების ფაქტს ან დაკავებულ პირთან რაიმე ტიპის კონტაქტს ადგილი არ ჰქონია.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მოხელეთა სახელით ჩადენილი ანალოგიური დანაშაული 2015 წლის 20 აპრილს გამოავლინა და თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე პაკისტანის მოქალაქე დააკავა.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას და აცხადებს, რომ ნებისმიერ დანაშაულებრივ ფაქტს, რომელსაც სახელმწიფო მოხელის სახელს ამოფარებული მოქალაქე ჩაიდენს, მოჰყვება მკაცრი რეაგირება.