თბილისი, 6 მაისი– Sputnik. აშშ-ის განცხადებით, რუსეთის მიერ ირანისთვის C-300 ტიპის სარაკეტო კომპლექსების მიყიდვა — ეს არ არის ის ფაქტორი, რომელიც რადიკალურად შეცვლიდა გეოპოლიტიკურ ვითარებას, მაგრამ სინამდვილეში ამერიკელი ”ომის გამჩაღებლები” შეძრწუნებულნი არიან რუსეთის გადაწყვეტილებით, მიაჩნია ჟურნალისტსა და პოლიტოლოგს პეპე ესკობარს, _ იტყობინება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.
სახეზეა სამი ქვეყნის მისწრაფება სამხედრო სფეროში მჭიდრო კოოპერაციისკენ. ირანის თავდაცვის მინისტრმა ჰოსეინ დეჰკანმა ღიად განაცხადა, რომ იმედი აქვს, ”ბრიკსის” წევრი ქვეყნები – ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი აქტიურ წინააღმდეგობას გაუწევენ ნატო-ს უკონტროლო ექსპანსიას აღმოსავლეთით და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი კომპლექსების განთავსებას ევროპაში. რუსეთისა და ჩინეთის თავდაცვის მინისტრები სერგეი შოიგუ და ჩან ვანციუანი გამუდმებით ხაზს უსვამენ, რომ თანამშრომლობა სამხედრო სფეროში პრიორიტეტული ამოცანაა. რუსეთი აღნიშნავს, რომ ორივე მხარე სინქრონულია მულტიპოლარული მსოფლიოსკენ სწრაფვაში,– შეგვახსენებს ესკობარი.
ვაშინგტონი ცდილობს წნეხში მოაქციოს ჩინეთი – აზია წყნარი ოკეანის რეგიონში, რუსეთი – აღმოსავლეთ ევროპის მხრიდან, ხოლო ირანი – წინა აზიაში. ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მოსკოვი, პეკინი და თეირანი ”ახალ დიდ თამაშს” იწყებენ პროექტ ”ახალი აბრეშუმის გზის” განვითარების კვალდაკვალ. რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მრავალვექტორიანი სტრატეგიული ალიანსი ნამდვილი წარმატებაა ამ სახელმწიფოებისთვის,– ვარაუდობს ჟურნალისტი.
მას შემდეგ, რაც 2010 წლის 9 ივნისს რუსეთის ფედერაცია შეუერთდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ირანისთვის სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის მიყიდვაზე სერიოზულ შეზღუდვებს აწესებდა, ჩაიშალა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც რუსეთს ირანისთვის ხუთი დივიზიონი საზენიტო-სარაკეტო სისტემა უნდა მიეწოდებინა. ამის პასუხად, ირანმა ჟენევის საარბიტრაჟო სასამართლოში ”როსობორონექსპორტის” წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და 4 მილიარდი აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა. სარჩელის გაწვევის საკითხი დღემდე ღიაა.
აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლიდიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ირანისთვის C-300 ტიპის სისტემების მიყიდვაზე აკრძალვა გააუქმა.