თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლებში ეტაპობრივად დაიწყო სამედიცინო კაბინეტების გახსნა.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართევლოში არსებული 2085 სკოლიდან სამედიცინო კაბინეტი უკვე ას სკოლაში გაიხსნა. „ეს იყო ყველაზე მსხვილი პროექტი, 2014 წლიდან უკვე მოქმედებს ასამდე სამედიცინო კაბინეტი. პროექტმა ჩვენი მოლოდინი გაამართლა და სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მასშტაბით სკოლებში მისი დანერგვის შესახებ", – ინფორმაციას სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
პროექტის განხორციელების აუცილებლობა საჯარო სკოლებში მოსწავლეებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო.
„საქართველოს სკოლების უმრავლესობა დამოკიდებული იყო სასწრაფო დახმარების გამოძახებებზე. სკოლებში არ მოიპოვებოდა მოსწავლეების ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები. გარდა ამისა, სკოლებში იყო ცუდი ეპიდემიოლოგიერი მდგომარეობა და ჰიგიენური პრობლემები — სამედიცინო კაბინეტების გახსნის შემდეგ ყველა ეს პრობლემა აღმოიფხვრება, რადგან მოსწავლეებს შეეძლებათ სკოლაშივე მიიღონ კვალიფიციური პერსონალისგან დახმარება. ეტაპობრივად საქართველოს სკოლების ყველა სამედიცინო კაბინეტი შეივსება მედიკამენტებით, საჭირო ინვენტარით და სხვა აუცილებელი რესურსით", – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
საჯარო სკოლებში ახლად გახსნილი სამედიცინო კაბინეტების მუშაობას პირადად გაეცნო განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე.
სამედიცინო კაბინეტების ექიმებს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია შეარჩევს, ხოლო საჭირო ინვენტარითა და სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფს განათლების და მეცნიერების სამინისტრო.