თბილისი, 6 მაისი — Sputnik. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა – ლოცვას ქაშუეთის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
წმინდა გიორგის დღე, რომელიც საქართველოს მფარველად ითვლება, წელიწადში ორჯერ – 23 ნოემბერსა და 6 მაისს აღინიშნება.
თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, შუბით გველეშაპის განმგმირავი, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური რწმენის შემადგენელ ნაწილად იქცა და აღბეჭდილია სახელმწიფო გერბზე.
წმინდა გიორგის მიმართ პატივის მიგება, ქრისტიანობის დასაწყისიდან დღემდე გრძელდება. შუა საუკუნეებში, წლის ყველა დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოიშვა წმინდა გიორგის 365 ლოცვა, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში წმინდა გიორგის პატივსაცემად ტაძარია აგებული.