თბილისი, 6 მაისი – Sputnik. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო უწყების პირველმა პირებმა მედიისთვის კომენტარი გააკეთეს. შტაინმაიერის განმარტებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან გაფორმებულ შეთანხმებებს.
”ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს მოდერნიზაციის გზაზე. ჩვენ ვუთხარით ქართველ კოლეგას, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომ ის შეთანხმებები, რომლებიც რუსეთმა ცოტა ხნის წინ გააფორმა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან, ეწინააღმდეგება ამ პრინციპს. ამიტომ ეს შეთანხმებები აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის”, – აღნიშნა შტაინმაიერმა ბერუჩაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ თამარ ბერუჩაშვილმა განმარტა, რომ ”რუსეთი განაგრძობს აგრესიას საქართველოსა და უკრაინის მიმართ”.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით.
”ჩვენ ველოდებით, რომ რიგის ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” სამიტზე (21-22 მაისს) გაიჟღერებს მესიჯი საქართველოს მხარდასაჭერად, რომელიც ხელს შეუწყობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
2014 წლის დეკემბერში რუსეთმა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გააფორმა ხელშეკრულება ”მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის” თაობაზე, ხოლო 2015 წლის მარტში მხარეებმა რატიფიცირებული სიგელები გაცვალეს. 2015 წლის თებერვალში რუსეთმა ცხინვალის რეგიონთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ”სახელმწიფო საზღვრის” შესახებ, ხოლო მარტში აფხაზეთთან გააფორმა მემორანდუმი ”კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის რეალიზაციის მექანიზმის” თაობაზე. გარდა ამისა, მოსკოვსა და ცხინვალს შორის მარტში ხელი მოეწერა ”მეკავშირეობისა და ინტეგრაციის” შეთანხმებას.
თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობა აღიარა 2008 წელს. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ქვეყნის სათავეში 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოვიდნენ, სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ნორმალიზაცია დაასახელეს. ოღონდ არა ქვეყნის ერთიანობის პრინციპის საზიანოდ.