თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ბილინგვების ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტს იულია ოსიპოვას გერმანიის გრაიფსვალდის უნივერსიტეტის პროფესორი ეკატერინა კუდრიავცევა ესაუბრა, რომელიც იმავდროულად ევროპულ პროექტ BILIUM-ის სამეცნიერო ხელმძღვანელიცაა.
- ქალბატონო ეკატერინე, ეთანხმებით თუ არა ინგლისელ მეცნიერთა შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლისთვის ცივილიზებულ სახელმწიფოთა მოსახლეობის უმრავლესობა ორ ან მეტ ენაზე ისაუბრებს?
- დიახ, ეს უნდა გავიგოთ და მივიღოთ როგორც 21-ე საუკუნის საზოგადოების რეალობა. რა თქმა უნდა, შეგვიძლია შევაყოვნოთ პროცესი, მაგრამ ეს მხოლოდ წუთიერი გაჩერება იქნება, რის გამოც, ხატოვნად რომ ვთქვათ, მატარებელში მსხდომი ადამიანები (მაგალითად, მრავალმილიონიანი რუსეთის მაცხოვრებლები) დანიშნულების პუნქტში დააგვიანებენ. გლობალიზაციასა და მის შედეგს, მსოფლიოს მოქალაქეთა მობილურობას, ეთნოკულტურული და ენობრივი კონტაქტების გაფართოება სდევს. აქედან გამომდინარე, იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც რამდენიმე ენაზე საუბრობენ.
ავიღოთ სტანდარტული სიტუაცია: აზერბაიჯანული ოჯახი – ბაქოელი დედა და მამა, რომლებისთვისაც აზერბაიჯანული მშობლიური ენაა. მათი შვილები დაიბადნენ ბაქოში, მაგრამ ერთი წლიდან ცხოვრობენ მოსკოვში და სწავლობენ რუსულ სკოლაში. ბავშვები სკოლაში ლაპარაკობენ რუსულად, შინ კი აზერბაიჯანულად, ამასთან სკოლაში მეორე კლასიდან სწავლობენ ინგლისურ ენას. შედეგად, ყველანი ბრწყინვალედ საუბრობენ აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ხოლო ინგლისურს იოლად ითვისებენ.
- გამოდის, რომ რუსეთი მსოფლიოს ბი- და მრავალბილინგვურ რუკაზე თავსდება?
- უფრო მეტიც, თუ გავიხსენებთ საბჭოთა კავშირის გამოცდილებას. უბრალოდ მაშინ ინგლისურისა და ესპანურის მაგივრად იყო სომხური, ქართული, ბელორუსული და ა.შ. დღეს მხოლოდ ვექტორები შეიცვალა. და არ არის საჭირო ხელოვნურად შევაჩეროთ მომავალი თაობის, ასე ვთქვათ, მრავალენიანობა.
ამასთან, არც მოვლენების დაჩქარება ღირს. საიდუმლო არ არის, რომ ბევრ რუს მშობელს შვილი ინგლისურენოვან საბავშვო ბაღში შეჰყავს. მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. რატომ? რუსეთში სპეციალიზებულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში რუსულენოვანი პედაგოგები ასწავლიან ინგლისური ენის, როგორც უცხო ენის რედუცირებულ ვერსიას. ანუ კი არ ურთიერთობენ ბავშვებთან ინგლისურ ენაზე, არამედ უბრალოდ ასწავლიან ენას. ბავშვები კვირაში ორი საათის განმავლობაში მეცადინეობის შედეგად 1500 სიტყვასაც კი ვერ სწავლობენ, რისი ცოდნაც ლექსიკური მარაგის საკმარის რაოდენობად მიიჩნევა, ვერ იღებენ კომუნიკაციური კომპეტენციის აუცილებელ ეთნოკულტურულ კომპონენტს. დაზეპირებული სიტყვები და ფრაზები ვერ იქცევა ოჯახთან ან საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნდამენტად, რაც ასე აუცილებელია ბავშვებისთვის. გვიღირს კი მოდის გულისთვის ვიხადოთ დიდი თანხა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებს არ მივცეთ ენასთან ემოციური კონტაქტის საშუალება კულტურის გავლით? დაე, თითოეულმა მშობელმა თავად გასცეს ამ კითხვას პასუხი.
ბევრად ეფექტური იქნება, თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვი საფუძვლიანად დაეუფლება მშობლიურ ენას: თათარი — თათრულს, უდმურტი — უდმურტულს და ა.შ.
ენა — ეს არის სიტყვაში გაფორმებული, რეალიზებული კულტურა. სწორედ მშობლიური ენა ეხმარება ბავშვს გააცნობიეროს, რომ ის ერის ნაწილია.
- ბევრი ბილინგვია ახლა მსოფლიოში?
- მხოლოდ გერმანიაში 4 მილიონზე მეტი რუსულენოვანი ადამიანი ცხოვრობს. მათი უფროსი თაობისთვის რუსული მშობლიური ენაა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბუნებრივ ბილინგვიზმთან: ბავშვი იზრდება ორ ენაზე (ოჯახისა და სახელმწიფო), რომლებიც აფორმებენ და კვებავენ ორ კულტურას. ის თანაბარზომიერად აღიქვამს საკუთარ თავს მოცემული სახელმწიფოს იურიდიულ მოქალაქედ და მეორე, ”მემკვიდრეობითი” სახელმწიფოს ეთნოკულტურის წარმომადგენლად. მისთვის ორივე ენა აუცილებელია თვითწარმოჩენისა და თვითრეალიზაციისთვის, საკუთარი ”მეს” გააზრებისთვის, თავის ბი- თუ ინტერნაციონალურ პიროვნებად წარმოჩენისთვის.
_ რაშია ასეთი ბავშვების თავისებურება?
_ ამ კითხვას, ჯერჯერობით, არ აქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი. დასავლელი სპეციალისტები — ესპანელი, ამერიკელი, ებრაელი ნეიროფსიქოლოგები, ფსიქოლოგები და სოციოლოგები — ვარაუდობენ, რომ ასეთი ბავშვები მეტად კრეატიულები და სტრესგამძლეები არიან და იოლად ეგუებიან, ერგებიან სიტუაციას. ისინი მეტად ინტეგრაციულები არიან, ვიდრე მონოლინგვები. ბილინგვური ცნობიერება ბევრად მობილურია.
ამასთან, როგორც რუსულენოვანი მეცნიერები ვარაუდობენ, ბილინგვებისთვის დამახასიათებელია გარკვეული პრობლემები. ესენი არიან „ძნელად სამართავი”, მე ვიტყოდი, ”ძნელად სამანიპულაციო” ბავშვები. მათ უბრალოდ ვერ ეტყვი – „არ შეიძლება და მორჩა“– ო! უნდა დაუსაბუთო, რატომ არ შეიძლება, რას ეფუძნება აკრძალვა. გარკვეული ქმედებისკენ უნდა უბიძგო მათი ფასეულობების სისტემიდან, ასაკიდან, ორი კულტურიდან გამომდინარე. მხოლოდ ამის შემდეგ გამოავლენს ბილინგვი კრეატიულობას და წარმოაჩენს თავს, როგორც შემსრულებელი ადამიანი. მისი ხარისხობრივი შედეგი იქნება ბევრად მაღალი, ვიდრე ეს ექნებოდა მონოლინგვს.
ეს ნაწილობრივ დამოკიდებულია მათი ონთოგენოზის სპეციფიკაზე, ნაწილობრივ კი იმაზე, რომ ბილინგვები ინფორმაციას იღებენ და ამუშავებენ ორ წყაროზე დაყრდნობით. ამგვარად ისინი არსებობენ ინტერდისკურსის სივრცეში, ეს კი ძალზე მდიდარი საინფორმაციო ველია.
– როგორ განსაზღვრავენ ეს ბავშვები, რომელია მათთვის მთავარი და რომელი – მეორეხარისხოვანი ენა? იოლად ეგუებიან ერთი ენიდან მეორეზე გადასვლას?
– დაბალანსებული ბუნებრივი ბილინგვებისთვის ცნება ”მთავარი ენა,” ”პირველი ენა” არ არსებობს. ენა არსებობს კომუნიკაციური სიტუაციის შიგნით. ბილინგვის თავში თარგმნა არ ხდება ჩვენთვის ჩვეულ ფორმაში. ბევრი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ასეთ ბავშვს პატარაობიდან უყალიბდება ე. წ. ობიექტური თარგმნის უნარი.
როდესაც ბავშვი სწავლობს, კოდების გადართვა ხდება ობიექტის ”გახსენებაზე” დაყრდნობით. ამიტომაც არის ძალზე მნიშვნელოვანი შესასწავლი ცნებების ვიზუალიზაცია. ანუ, ბავშვს უბრალოდ კი არ უნდა განვუმარტოთ ორ ენაზე, არამედ განმარტებები უნდა ჩამოვაყალიბოთ ერთ ობიექტად. ასეთ მეთოდიკაში დიდი პოტენციალი იმალება _ არა მარტო ლინგვისტური, არამეს ეთნოკულტურულიც…
– ასეთი გადართვები ხომ არ ახდენენ უარყოფით გავლენას მყიფე ფსიქიკაზე?
– გადართვები ვერბალურ და არავერბალურ დონეზეც სავსებით ბუნებრივად ხდება. ეს ერთგვარი რეაქციაა კონკრეტულ კომუნიკაციურ სისტემაზე. ცოტა ხნის წინ სკოლა ”როსინკაში”, რომელიც გერმანიის სამხრეთში მდებარეობს, 52 გერმანულ-რუსულ ბილინგვს ჩაუტარეს ტესტი. მათი ასაკი იყო 5-დან 21 წლამდე. თვით ყველაზე პატარა გამოსაცდელებიც კი, კლასში შესვლისას ყურადღებით აკვირდებოდნენ უცხო პედაგოგებს და ელოდებოდნენ, რომ პირველებს ჩვენ დაგვეწყო საუბარი. ეს მათ იმისთვის სჭირდებოდათ, რომ განესაზღვრათ, რომელ ჩვენგანს რომელ ენაზე დაგვლაპარაკებოდნენ. როგორც კი ამ საკითხს არკვევდნენ, იოლად გადადიოდნენ გერმანულიდან რუსულზე და პირიქით.
— ხდება თუ არა ისე, რომ ბავშვი ბილინგვურ გარემოში მოხვედრისას, რაღაც მიზეზების გამო არ ღებულობს რომელიმე ენას?
— კი, ხდება. საქმე ისაა, რომ ბილინგვი ბავშვები ”განასახიერებენ” ენას. მათთვის ამა თუ იმ ენაზე მოსაუბრე ადამიანი იმ კულტურის წარმომადგენელია, რომელზეც საუბრობს, ანუ ერთგვარი ნიმუშია იმ კულტურისა. თუ ასეთი ადამიანი შეცდომას უშვებს, არაეთიკურად იქცევა, ისეთ რამეს აკეთებს, რაც არ მოსწონს ბავშვს, შესაძლოა, პატარამ საერთოდ არ დაილაპარაკოს ამ ადამიანის ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად გაიგებს მის ნაუბარს.
— როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვი ენებს ურევს?
— ყველაფერი დამოკიდებულია ასაკზე, კომუნიკაციურ სიტუაციაზე და ა.შ. არიან სპეციალისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ენობრივი ინტერფერენცია ყოველთვის არის ბილინგვიზმის არაბალანსირებულობის მაჩვენებელი. ანუ როცა ჯერ ერთი ენა სრულად არ გაქვს შესწავლილი, ხოლო მეორე უკვე ნაწილობრივ დაკარგე.
თუმცა, კომუნიკაციისას ზოგიერთი მოზარდი ენას იყენებს როგორც კოდს, რათა მათ სივრცეში არასასურველი უცხოენოვანი გარშემომყოფები არ შეიჭრნენ — თანატოლები თუ უფროსები.
მე ხშირად ვაწყდები ამგვარ რამეს რუსული და თურქულენოვანი დიასპორის წარმომადგენლებში, რომლებიც გერმანულ სკოლებში სწავლობენ. მოზარდები მიზანმიმართულად იყენებენ ინტერფერენციას, მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლახან გაკვეთილზე თავისუფლად საუბრობდნენ ენების აღრევის გარეშე. ეს უკვე სოციო- და ეთნო-ფსიქოლოგების მოქმედების არეალია.
ხდება ისეც, რომ ბავშვი ინტერფერენციას მიმართავს იმ შემთხვევაში, როცა გარკვეულ აქსიომას არ მიიჩნევს შესატყვის ეკვივალენტად. მაგალითად, ზოგიერთი ბილინგვი, რომელიც გერმანიიდან რუსეთში ბრუნდება, არ თარგმნის სიტყვა ”საფუნთუშეს” მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთის ეთნოკულტურულ კონტენტში საფუნთუშეში ახალი პური კი არ ცხვება, არამედ იყიდება უკვე გამომცხარი, აქ არ არის მიღებული ჩაისა და ყავის მირთმევა და არც პროდუქციის პალიტრა გამოირჩევა მრავალფეროვნებით…
— რომელი ტიპიური პრობლემები ახასიათებთ ბილინგვებს?
— ყველაზე აშკარა პრობლემა, რითაც ყველაზე ხშირად აპელირებენ ორ და სამენოვნების მოწინააღმდეგეები ისაა, რომ ბილინგვები, არცთუ იშვიათად, ლაპარაკს მონოლინგვ თანატოლებზე გვიან იწყებენ. ამასთან, სიჩუმის პერიოდის ხანგრძლივობა ღრმად ინდივიდუალურია.
რა ხდება ამ დროს? მოდით, წარმოვიდგინოთ ბნელი ოთახი. როგორც წესი, ასეთ ოთახში დგას ხოლმე მხოლოდ ერთი კარადა - მშობლიური რუსული ენა, რომელიც გარკვეული კონტენტით ივსება. და ამ დროს ოთახში შეაქვთ მეორე კარადა. ავეჯი ისე უნდა განთავსდეს, რომ კარადებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს და შემდეგ მთელი ინფორმაცია გადანაწილდეს შესაბამის თაროებზე.
პატარას ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ პრინციპით ” ერთი ერთზე”: ერთმა მშობელმა ისაუბროს ერთ ენაზე, მეორემ კი მეორეზე; ოჯახმა ისაუბროს ერთ ენაზე, ხოლო საზოგადოებამ — ორეზე.
სიჩუმის პერიოდი დამოკიდებულია ბევრ ექსტრალინგვისტურ ფაქტორზე: ბავშვის ჯანმრთელობაზე, მიგრაციის პროცესის კომფორტულობაზე, ოჯახის განათლებულობაზე. მშობლების სტატუსზე და ა.შ. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რამდენად არიან თავად მშობლები მოტივირებულები იმ ენისა და კულტურის შესასწავლად, რომელში საცხოვრებლადაც გადავიდნენ, რამდენად არიან მზად ურთიერთობისა და ერთობლივი მეცადინეობებისთვის.
მოცემულ მომენტში სწორედ მშობლების საკუთარ თავზე მუშაობისადმი ურყოფითი დამოკიდებულებაა ყველაზე დიდი პრობლემა. ბავშვებს აბარებენ საბავშვო ბაღებში, შემდეგ სკოლებში და სრულად იცილებენ თავიდან პასუხისმგებლობას, რომელსაც მთლინად პედაგოგებს აკისრებენ.
— რა შეგიძლიათ ურჩიოთ პატარა ბილინგვების მშობლებს?
— ყველაზე მთავარია გჯეროდეთ საკუთარი შ ვილის. გჯეროდეთ, რომ ის გაუმკლავდება სიძნელეს. გახსოვდეთ, რომ ბილინგვიზმი ბავშვის სასჯელი კი არაა, არამედ ნაბიჯია წარმატებისკენ. არ მიატოვოთ უყურადღებოდ ბავშვები. რეგულარულად მიაქციეთ ყურადღება, ელაპარაკეთ, ეთამაშეთ და იმეცადინეთ მათთან ერთად, როგორც თანატოლთან. 21-ე საუკუნის მოზარდების - როგორც მონო ისე ბილინგვების — ძირითადი პრობლემა — ეს მაუგლი-ბავშვებია (ანუ ის ბავშვები, რომლებსაც პრაქტიკულად, არ გამოუცდიათ მშობლების მხრიდან ზრუნვა და სიყვარული). თუ მშობელს საკუთარი შვილისთვის არ სცალია, მას არც არანაირი პედაგოგი უშველის და არც არანაირი ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები.