test საკრებულოსთან გარემოს და ცხოველთა უფლებების დამცველი არასამთავრობოები აქციას მართავენ

გამოწერა
მოქალაქეები იმ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც საკრებულომ ბოლო პერიოდში მიიღო.

თბილისი, 28 აპრ — SPUTNIK. თბილისის საკრებულოს შენობის წინ გარემოსდამცველი და ცხოველთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილები. აქციაზე იმყოფებიან ასევე მოქალაქეები, რომლებიც გუშინ თამარაშვილის ქუჩაზე მრავალწლოვანი ნარგავების მოჭრას აპროტესტებენ.
ცხოველთა დამცველები იმ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც საკრებულომ ბოლო პერიოდში მიიღო.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკრებულო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარემოს და ცხოველთა უფლებების დაცვა იყოს უზრუნველყოფილი.
საკრებულოს შენობის წინ აქციის მონაწილეები პროტესტს ხმაურით გამოხატავენ.
აქციის დაწყებამდე შენობიდან გამოვიდა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" წევრი თამარ ცინცაბაძე, მან თამარაშვილის ქუჩაზე მრავალწლოვანი ხეების მოჭრის ფაქტი გააპროტესტა და განაცხადა, რომ თბილისში არსებობს ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია მშენებლობების განხორციელება ისე, რომ მრავალწლიანი ნარგავები არ მოიჭრას. ცინცაბაძემ ასევე გაიხსენა დავით ნარმანიას დაპირება, რომ თბილისში 1 მილიონი ხე დაირგვებოდა და აღნიშნა, რომ პატარა ნარგავების დარგვა ქალაქში დიდი ხეების მოჭრის სანაცვლოდ ეკოლოგიურ სიტუაციას ვერ გააუმჯობესებს.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა. მისი განცხადებით, ბიძინა გიორგობიანისა და თამარაშვილის ქუჩაზე ხეების მოჭრის საკითხით უნდა დაინტერესდეს ანტიკორუფციული საბჭო.
როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, ბიძინა გიორგობიანმა ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განკარგულება 23 აპრილს გასცა, 27 აპრილს კი, მეორე განკარგულებით ხეების მოჭრა შეაჩერა.
ალეკო ელისაშვილი ასევე გამოეხმაურა გარემოს დაცვის მინისტრად ბიძინა გიორგობიანის შესაძლო დანიშვნის საკითხს და დასძინა, რომ ეს დაუშვებელია.
მისივე განცხადებით, თუ ბიძინა გიორგობიანს გარემოს დაცვის მინისტრად დანიშნავენ, მაშინ ”ჩვენ ვყოფილვართ ბოსელი და არა ქვეყანა”.

ყველა ახალი ამბავი
0