"განსაკუთრებული მოქალაქის" ნომინაციაში 8 წლის ქართველმა ბიჭუნამ გაიმარჯვა

© public domain112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას 500-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

თბილისი, 23 აპრ — SPUTNIK. საქართველომ ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ დაჯილდოებაზე "განსაკუთრებული მოქალაქის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს 112-ს, 5 სხვა ქვეყანასთან ერთად, ჯილდო გადაეცა განხორციელებული საქმიანობისთვის, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და ხელი შეეწყო საზოგადოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფას.

ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას 500-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის, გადაუდებელი სამსახურის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრები, ევროპარლამენტის წევრები და გადაუდებელი დახმარების სფეროს ექსპერეტები.

საქართველომ "განსაკუთრებული მოქალაქის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 8 წლის ლექსო ბოჟაძემ საკუთარი დედის სიცოცხლე გადაარჩინა, მხოლოდ იმით, რომ მან იცოდა სად უნდა დაერეკა და როგორ მოქცეულიყო გადაუდებელი შემთხვევის დროს.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ადინა-იოანა ვალეანმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს პირადად გადასცა ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის ჯილდო და ღრმა პატივისცემა გამოხატა მათ მიმართ.

"ეს არის დიდი სიამოვნება და პატივი, რომ დავაჯილდოვო მიღწევებისთვის ორგანიზაციები, მამაკაცები, ქალები და ბავშვები რომელთა ქმედებებმა და ჩართულობამ ხელი შეუწყო 112-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ცნობიერების დონის ამაღლებას მთელს ევროპაში. ამისათვის ისინი იმსახურებენ ჩვენი მხრიდან აღიარებასა და აღტაცებას. ვულოცავ ყველა გამარჯვებულსა და ნომინანტს, მათ შეძლეს და ჩვენც უფრო მოტივირებულები ვართ, რომ წვლილი შევიტანოთ საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში", — განაცხადა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ადინა-იოანა ვალეანმა.

112-ის ყოველწლიურ ცერემონიაში გამარჯვებულები არიან: საუკეთესო ზარის მიმღები – ლიტვა; განსაკუთრებული მოქალაქე — 8 წლის ლექსო საქართველოდან; საუკეთესო გადაუდებელი დახმარების ქოლ-ცენტრი — იტალია და რუმინეთი; საუკეთესო სამაშველო ოპერაცია – შვედეთი; საუკეთესო ინოვაცია — დიდი ბრიტანეთი.

ნომინაციაში — "განსაკუთრებული მოქალაქე" — ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია აჯილდოვებს პირს/პირებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში, იმით რომ დარეკეს 112-ზე საგანგებო სამსახურების გამოსაძახებლად.

ნომინანტების შერჩევის პროცედურა ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, ყველა ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის წევრი ქვეყნის მიერ იგზავნება სხვადასხვა კატეგორიაზე შესაბამისი ისტორიები, რომელსაც აფასებს კომპეტენტური ჟიური. ჟიურის წევრები არიან გადაუდებელი დახმარების სფეროს ექსპერტები. ჟიურის წევრების მიერ ხდება ორი ან სამი ისტორიის შერჩევა თითოეული კატეგორიისთვის. ნომინანტების ფინალური შერჩევა კი ხდება, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის წევრი ქვეყნების მიერ, პირდაპირი ხმის მიცემის წესით.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო "განსაკუთრებული მოქალაქის" ნომინაციაში გამარჯვებულად შერჩევის პირველივე ეტაპზე, ყოველგვარი ხმის მიცემის პროცედურის გარეშე დასახელდა.

"112-ის დანიშნულების და მისი გამოყენების შესახებ ბავშვების ინფორმირება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა იცოდნენ ნომერი 1-1-2 რისთვის, როგორ და რა შემთხვევაში გამოიყენონ. პატარა ლექსოს ინფორმირებულობამ, თუ როგორ მოქცეულიყო გადაუდებელ შემთხვევაში საკუთარი დედის სოცოცხლე იხსნა", — აღნიშნა 112-ის დირექტორის მოადგილემ, თეა გზირიშვილმა.

ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA-European Emergency Number Association) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1999 წელს შეიქმნა, ქ. ბრიუსელში.

ასოციაციის მიზანია, ევროპის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის — 112-ის დანერგვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა.

EENA 80-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე გადაუდებელი დახმარების სფეროს წარმომადგენელს, 15 საერთაშორისო ასოციაციას/ორგანიზაციას, ევროპარლამენტის 150-ზე მეტ წევრსა და 70 მკვლევარს აერთიანებს.

საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის, 3 სექტემბერს გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0