თბილისი, 17 აპრ — SPUTNIK. ქართულმა კომპანია Tegeta Motors-მა და მეწარმეობის განვითარების სააგენტომ გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც საავტომობილო ბიზნესისა და მომსახურების სფეროში საქართველოს უმსხვილესი კომპანია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტში ჩაერთვება.
მემორანდუმის თანახმად, Tegeta Motors-ი ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას აღმოუჩენს კონკურსში გამარჯვებულ იმ ბენეფიციარებს, რომელთა ბიზნეს-გეგმები დაკავშირებული იქნება საავტომობილო სფეროს საქმიანობასთან და სატრანსპორტო საშუალებების მომსახურებასთან.
კომპანიის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ პროფესიულ ზრდას.