თბილისი, 17 აპრ. სირიიდან დევნილი ასირიელი ქრისტიანებისთვის საქართველოში თავშესაფრის მიცემის საკითხი განიხილეს შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ და საქართველოში საერთაშორისო ეროვნული ასირიული კონგრესის პრეზიდენტმა დავით ადამოვმა ხუთშაბათს, 16 აპრილს.
„ისინი ელოდებიან კონკრეტულ განცხადებას, რომ საქართველო მზადაა მიიღოს ასირიელთა ნაწილი, მარტო ბავშვები მაინც, რის მერეც იქნება მიღებული კონკრეტული ქმედებები. მამაო სერაფიმემ (ესწრებოდა შეხვედრას – რედ. შენ.) განაცხადა, რომ მათ უკვე 500-მა (ქართულმა) ოჯახმა მიმართა, რომლებიც მზად არიან, იშვილონ ასირიელი ბავშვები“, – განუცხადა დუმბაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.
ამას გარდა ქართული მხარე ასირიელი ბავშვების საქართველოში დასვენების შესაძლებლობასაც განიხილავს.
ადამოვის თქმით, იგეგმება სპეციალური კომიტეტის შექმნა, რომელიც საქართველოში ასირიელი ქრისტიანების განთავსების საკითხებს განიხილავს.
მას შემდეგ, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წლის ზაფხულში ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიის ნაწილი დაიკავა, 1,8 მილიონზე მეტი ერაყელი დევნილი გახდა, მათგან ბევრი ქრისტიანია. მოგვიანეთ „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედებები ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაზეც გავრცელდა. იქ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული დაჯგუფების მეომრები პროვინცია ელ-ჰასიკის ქრისტიანულ სოფლებს დაესხნენ თავს. ასირიული თემის წარმომადგენლების მონაცემებით, ათას ხუთასზე მეტი ადამიანისგან შემდგარმა ბანდამ ათეულობით ადგილობრივი მცხოვრები იმსხვერპლა, 200-ზე მეტი ასირიელი გაიტაცეს. ამ თავდასხმების დროს ორი უძველესი ეკლესია დაწვეს.
„ისლამური სახელმწიფოს“ ფართომასშტაბიანი ექსპანსია, რამაც ერაყისა და სირიის მოზრდილი ტერიტორიები მოიცვა, გახდა 2014 წელს ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო პრობლემა. დაჯგუფებამ, რომელიც, CIA-ს მონაცემებით, დაახლოებით 30 ათას კაცს ითვლის, დაპყრობილ ტერიტორიებზე ხალიფატი გამოაცხადა და მის კიდევ გაფართოებას ცდილობს.
ერთიანი ფრონტი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ არ არსებობს. ამ დაჯგუფების წინააღმდეგ იბრძვიან სირიისა და ერაყის სამთავრობო ჯარები, საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის მეთაურობით (ჯერჯერობით ჰაერიდან შეტევებით იფარგლებიან), ასევე ერაყელი და სირიელი ქურთები. საბრძოლო მოქმედებების გამო დაღუპულია რამდენიმე ათასი მშვიდობიანი მოსახლე, ასეულობით ათასი დევნილი გახდა, ხოლო კიდევ რამდენიმე ათასი „ისლამური სახელმწიფოს“ მძევალია.