საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტზე იმსჯელეს

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხუთშაბათს, 16 აპრილს რიგაში ლატვიელ კოლეგას ანდრის ბერზინშს შეხვდა და მას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტის შესახებ ესაუბრა.

თბილისი, 17 აპრ.  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხუთშაბათს, 16 აპრილს რიგაში ლატვიელ კოლეგას ანდრის ბერზინშს შეხვდა და მას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტის შესახებ ესაუბრა.

მოლაპარაკებები თავდაპირველად „პირისპირ“ ფორმატით გაიმართა, რის შემდეგაც შედგა შეხვედრა გაფართოებული ფორმატით.

 „პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და ბიზნეს-ურთიერთობების სამომავლო  გაღრმავებაზე იმსჯელეს. შეხვედრის  მთავარი თემა მაისში დაგეგმილი რიგის („აღმოსავლეთ პარტნიორობის“) სამიტი იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას“, – იუწყება საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური.

 „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, რომელიც 21-22 მაისს რიგაში ჩატარდება, საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების იმედი აქვს.

მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისათვის.

„მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაც ისაუბრეს და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს“, – აღნიშნულია ცნობაში.

შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა გასული წლის ნოემბერში საქართველოში ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის ვიზიტის მნიშვნელობა.

 

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრეზიდენტის მეთაურობით საპასუხო ვიზიტით ლატვიაში გუშინ, საღამოს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი ასევე შეხვდება ლატვიის პარლამენტის სპიკერს ინარა მურნიეცეს და პრემიერ-მინისტრს ლაიმდოტა სტრაუიუმას. ამას გარდა დაგეგმილია კულტურული პროგრამაც. ქართული დელეგაციის ვიზიტი 17 აპრილს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0