გიგი უგულავა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესზე სიტყვით გამოვა

გამოწერა
თბილისის მერი 27 ოქტომბერს გამოვა სიტყვით - ამ დღეს დანიშნულია კონგრესის მოხსენების განხილვა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე, რომელიც 30 მაისს ჩატარდა.

თბილისი, 25 ოქტომბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ციცია მამულაშვილი. ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესზე, რომელიც 26-28 ოქტომბერს სტრასბურგში გაიმართება, სიტყვით გამოვა თბილისის მერი გიგი უგულავა, განაცხადა ორშაბათის ტარდიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

 

თბილისის მერი 27 ოქტომბერს გამოვა სიტყვით - ამ დღეს დანიშნულია კონგრესის მოხსენების განხილვა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე, რომელიც მიმდინარე წლის 30 მაისს, ევროსაბჭოს დამკვირვებლების თანდასწრებით ჩატარდა.

 

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, უგულავა შეხვედრებს გამართავს კონგრესის ხელმძღვანელობასთან.

ევროსაბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდის განცხადებით, საშემოდგომა პლენარულ სესიაზე დამტკიცდება პოლიტიკური პრიორიტეტები 2011-2012 წლებისთვის, ასევე შეტანილი იქნება ცვლილებები მის სტრუქტურასა და მუშაობის მეთოდიკაში. ახალი ეროვნული დელეგაციები აირჩევენ კონგრესის თავმჯდომარესა და ბიუროს, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების პალატისა და რეგიონების პალატის თავმჯდომარეებს.

ასევე კონგრესი აღნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის 25-ე წლისთავს.

ყველა ახალი ამბავი
0