თბილისი, 22 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ევროპის ქვეყნებიდან დაბრუნდა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს პარტიის პრეს-სამსახურში.
ევროპის ქვეყნებში ვიზიტის და მანამდე მოსკოვში ვიზიტის დეტალებს ნოღაიდელი ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე უახლოეს პერიოდში პირადად გააცნობს, განაცხადეს პრეს-სამსახურში.
ნოღაიდელმა საქმიანი შეხვედრები გამართა ევროპის ქვეყნებში, მანამდე კი, წინა კვირაში, ის რუსეთში იმყოფებოდა.
მოსკოვში თავისი მე-9 ვიზიტის მსვლელობისას მან შეხვედრები გამართა ქართული, აფხაზური და ოსური დიასპორების წარმომადგენლებთან, ასევე პარტია ”ედიანაი როსიას” ხელმძღვანელობასთან.
ზურაბ ნოღაიდელის პრეს-სამსახურმა არც დაადასტურა და, ამავე დროს, არც უარყო ქართული მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროპის ქვეყნებში ყოფნისას ნოღაიდელი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა.