სავაჭრო ცენტრ ”ლილოს” დაცვამ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და კამერები დაუმტვრია - არასამთავრობო ორგანიზაცია

გამოწერა
სავაჭრო ცენტრ ”ლილოს” დაცვის თანამშრომლებმა ქართული ტელეარხების გადამღებ ჯგუფებს და სხვა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერები დაუმტვრიეს. აღნიშნულია ”თავისუფალი აზრის სახლის” განცხადებაში.

თბილისი, 22 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. სავაჭრო ცენტრ ”ლილოს” დაცვის თანამშრომლებმა ქართული ტელეარხების გადამღებ ჯგუფებს და სხვა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერები დაუმტვრიეს. ჟურნალისტები გუშინ ლილოს დასახლებაში მივიდნენ, რათა გაეშუქებინათ რიგი სავაჭრო ობიექტების დახურვის ფაქტი, აღნიშნულია 22 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფალი აზრის სახლის” პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

”21 ოქტომბერს ლილოს დასახლების ტერიტორიაზე დაცვის თანამშრომლებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ უკანონო ქმედებები განახორციელეს, კერძოდ, ტელეკომპანია ”კავკასიის”, ”ინტერნეტ ტვ”-ის, ”აი-ტვ”-ის და სხვა მასმედიის გადამღები ჯგუფების წინააღმდეგ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

”კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად ნაცემი არიან ჟურნალისტები, გატეხილია ტელეკამერები”, - აღნიშნავს  არასამთავრობო ორგანიზაცია.

”თავისუფალი აზრის სახლი” ”მსგავს ძალადობას” კატეგორიულად გმობს და ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

21 ოქტომბერს ლილოს სავაჭრო ცენტრში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა 15 სავაჭრო წერტილი დახურეს. ამის შემდეგ სტიქიური აქციის დროს მეწარმეებმა საკუთარი პროტესტი გამოთქვეს.

პროტესტანტებისთვის მხარდასაჭერად ადგილზე მივიდნენ ”ეროვნული ფორუმის” ლიდერები გუბაზ სანიკიძე და კახა შარტავა, პარტიის სხვა აქტივისტები და კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი. გარკვეული ინციდენტის შემდეგ პოლიციამ დააკავა ”ეროვნული ფორუმის” წევრი ზაზა ჩაკვეტაძე.

ყველა ახალი ამბავი
0