საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტიდან 2011 წლის ბიუჯეტის უკან გაწვევის მოწოდებით გამოდის

გამოწერა
საპარლამენტო ოპოზიციის და ”ქრისტიან დემკორატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძე მთავრობას და ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდებს, პარლამენტიდან უკან გაიწვიონ 2011 წლის ბიუჯეტი.

თბილისი, 21 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საპარლამენტო ოპოზიციის და ”ქრისტიან დემკორატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძე მთავრობას და ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდებს, პარლამენტიდან უკან გაიწვიონ 2011 წლის ბიუჯეტი. ამის შესახებ მან ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი ნახევარფაბრიკატს წარმოადგენს, რომელშიც თეთრი ლაქებია, მაგალითად, ჯანდაცვის ბიუჯეტი და შავი ხვრელები - მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები”, - განაცხადა თარგამაძემ.

”უცნობია, რისთვისაა მობილიზებული ამდენი მილიონი სარეზერვო ფონდებში, და ბიუჯეტი იმდენად არაადეკვატიურია რეალობისა, რომ მთავრობასთან მის განხილვას აზრი არა აქვს. ეს ისეთი პროექტია, რომ თავად დეპუტატებს უმრავლესობიდან უჭირთ პასუხის გაცემა, სად და რამდენი იქნება დახარჯული”, - განაცხადა თარგამაძემ.

დეპუტატი მოითხოვს, რომ ბიუჯეტში დეტალურად იყოს გაწერილი ხარჯვითი ნაწილი და მიიჩნევს, რომ ეს პროექტი ადასტურებს მთავრობის მხრიდან პარლამენტის უპატივცემულობას.

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში სექტემბრის ბოლოს წარადგინა. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 7 მილიარდ ლარს შეადგენს. პროცედურის თანახმად, ოთხშაბათს პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს დამუშავებისთვის მთავრობას დაუბრუნებს. ბიუჯეტი შენიშვნების გათვალისწინებით პარლამენტში დაბრუნდება. თუ დეპუტატებს მეტი შენიშვნა აღარ ექნებათ, ბიუჯეტს განსახილველად პლენარულ სხდომაზე გამოიტანენ და ერთი მოსმენით მიიღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტი დამუშავებისთვის კვლავ მთავრობას დაუბრუნდება.

ყველა ახალი ამბავი
0