ალასანიას პარტიამ 2011 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი დისკუსია გამართა

© Александр ИмедашвилиТбилиси
Тбилиси - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთშაბათს ირაკლი ალასანიას პარტიამ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით სახალხო დისკუსია მოაწყო. შეხვედრაზე მონაწილეობა საზოგადოების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს.

 

თბილისი, 21 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ხუთშაბათს ირაკლი ალასანიას პარტიამ ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები” 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით სახალხო დისკუსია მოაწყო. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” გაიმართა, მონაწილეობა საზოგადოების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს.

ალასანიას თქმით, ”ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია”.

”მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა განახორციელონ არა მარტო პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმაც”, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ.

მისი აზრით, მცირდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება, 2011 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს პენსიების და პენსიონერების და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირებისთვის შემწეობის გაზრდას. 

პარტიის წარმომადგენლის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, ”2011 წლის ბიუჯეტის პროექტი აბსოლუტურად მიუღებელია”.

”პროექტი ჩვენთვის მიუღებელია. მასში არ არის გათვალისწინებული ის ძირითადი პრინციპები და დაპირებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ თავის მოსახლეობას მისცა”, - განაცხადა ონოფრიშვილმა.

ბიუჯეტის პროექტი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.

საპარლამენტო ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენლებმა 2011 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის რიგი პროგრამების შენარჩუნება მოითხოვეს.

ფრაქციის მდივნის მაგდა ანიკაშვილის თქმით, მთავრობა რეფერალური, ურგენტული, ონკოლოგიური პრობრამების, ასევე კარდიოქირურგიის და დიაბეტით დაავადებულებების პროგრამების გაუქმებას აპირებს. მისი აზრით, ეს მთავრობის მხრიდან უპასუხისმგებლო ნაბიჯია.

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში სექტემბრის ბოლოს წარადგინა. 

საპარლამენტო კომიტეტებმა პირველი მოსმენით უკვე განიხილეს ბიუჯეტის პროექტი და საკუთარი რეკომენდაციები და შენიშვნები მთავრობას გადასცეს.

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 7 მილიარდ ლარს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0