თბილისი, 20 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველო მზადაა, განიხილოს ნებისმიერი წინადადება რუსეთის ფედერაციის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით როგორც რუსეთის, ისე აშშ-ის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ვმო-ს წესდების პრინციპებს შეასრულებს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტი.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ”საქართველოს, დიდი ხანია, გონივრული პოზიცია აქვს”.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ ითხოვს საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციას მდინარე ფსოუზე (აფხაზეთი) და როკის გვირაბთან (სამხრეთ ოსეთი).
რუსული მასმედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა ლორენს სამერსმა რუსეთის პირველ ვიცე-პრემიერთან იგორ შუვალოვთან მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების პროცესი შეიძლება წლის განმავლობაში დასრულდეს.
”პროცესის დასრულება ხედვის ფარგლებშია”, - განაცხადა სამერსმა, რომლის ციტირებასაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ახდენს. ამასთან, მისი თქმით, პრობლემა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს მოლაპარაკებები არა მხოლოდ აშშ-თან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ არის პრობლემა საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით. ”ჩვენ ვაღიარეთ კრეატიული გადაწყვეტილების აუცილებლობა, რომელიც მოგვეხმარებოდა, ისე გაგვეკეთებინა, რომ ვითარება საქართველოში რუსეთის ვმო-ში ინტეგრაციის დაბრკოლება არ გახდეს”, - განაცხადა სამერსმა, მაგრამ დეტალებს არ შეხებია.