ალასანიას ახალგაზრდა მომხრეები საპატიმროებში მდგომარეობის გაუმჯობესებას მოითხოვენ

გამოწერა
ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ ოთხშაბათს პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა და მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს სპეციალური წერილით მიმართა.

თბილისი, 20 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდულმა ფრთამ ოთხშაბათს პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა და მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს სპეციალური წერილით მიმართა.

წერილში ახალგაზრდები ყურადღებას ამახვილებენ პენიტენციარული სისტემის დაწესებულებებში, განსაკუთრებით ბათუმის №3 და ზუგდიდის №4 ციხეებში არსებულ მძიმე დმგომარეობაზე.

”ბათუმის №3 და ზუგდიდის №4 ციხეებში მძიმე მდგომარეობაა. 2008 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა სამინისტროს ამ პენიტენციარული დაწესებულებების დახურვის რეკომენდაცია მისცა”, - აღნიშნულია წერილში.

როგორც პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა განაცხადეს, ამ ციხეებში მდგომარეობა იმიტომაა რთული, რომ იქ იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე ეს ლიმიტითაა გათვალისწინებული.

”პატიმრებს მორიგეობით სძინავთ, კამერებში ანტისანიტარული პირობები და სინესტეა, ტუალეტებში არ არის კედლები და არ არის იზოლირებული. წყალი გრაფიკით მიეწოდება და პატიმრებს პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალება არა აქვთ”, - აღნიშნულია წერილში.

მიმართვის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ციხის ადმინისტრაცია პატიმრებზე ზეწოლას ახორციელებს, დაფიქსირებულია ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები.

”მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეისწავლოთ მდგომარეობა ამ ციხეებში და მიიღოთ შესაბამისი ზომები. ჩვენ განვაგრძობთ მონიტორინგს პატიმრობის ადგილებში და მომავალშიც მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით აქტიურად გამოვთქვამთ პროტესტს. დამნაშავეები კანონის მიხედვით დაისჯებიან”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0