ნოღაიდელის გარემოცვა პარიზში ნოღაიდელის ოქრუაშვილთან შეხვედრის ფაქტს არ უარყოფს

გამოწერა
ზურაბ ნოღაიდელის პრეს-სამსახური არ ადასტურებს და, ამავე დროს, არც უარყოფს ქართული მასმედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროპის ქვეყნებში ყოფნისას ნოღაიდელი ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა.

 

თბილისი, 20 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტიის ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის პრეს-სამსახური არ ადასტურებს და, ამავე დროს, არც უარყოფს ქართული მასმედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროპის ქვეყნებში ყოფნისას ნოღაიდელი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა. 

”ჩვენ არც ვადასტურებთ და არც უარვყოფთ ამ ინფორმაციას. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნოღაიდელი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება და პრესკონფერენციას აუცილებლად გამართავს”, - განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს პარტიაში.

პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ნოღაიდელი რუსეთში ვიზიტის შემდეგ, სადაც ის წინა კვირაში იმყოფებოდა, ევროპის ქვეყნებში საქმიან შეხვედრებს მართავს.

მიმდინარე კვირაში ახალი ”ქართული პარტიის” ლიდერებმა ევროპაში ირაკლი ოქრუაშვილთან მორიგი მოლაპარაკებები გამართეს. როგორც პარტიის პრეს-სამსახურმა განაცხადა, გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ევროპაში დარჩა, მაგრამ რა მიზნით - ამას პარტიაში არ აკონკრეტებენ. სხვა ლიდერები საქართველოში უკვე დაბრუნდნენ.

”ქართული პარტიის” დაფუძნებამდე, ამა წლის ზაფხულში ზურაბ ნოღაიდელი და ირაკლი ოქრუაშვილი ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ და ქართულ ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებისკენ მოუწოდეს. ორი პოლიტიკოსის აზრით, ახალმა გაერთიანებამ, რომელსაც ერთიანი სტრუქტურა ექნება, ქვეყანას და საზოგადოებას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ქმედითი გეგმა უნდა შესთავაზოს.


 

ყველა ახალი ამბავი
0