იაკობაშვილი რუსეთს სარკოზის განცხადების ორიგინალის წაკითხვას ურჩევს

გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი რუსულ მხარეს მოუწოდებს, კარგად გაეცნოს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებას და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

თბილისი, 20 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი რუსულ მხარეს მოუწოდებს, კარგად გაეცნოს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებას და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, განუცხადა მან ჟურნალისტებს ოთხშაბათს მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

”სარკოზის განცხადების ორიგინალი და რუსეთის მხარის ინფორმაცია - შინაარსობრივად ორი აბსოლუტურად სხვადასხვა განცხადებაა”, - განაცხადა იაკობაშვილმა.

”მე უფრო მეტად ორიგინალს ვენდობი. თავის განცხადებაში სარკოზიმ რუსეთს ბევრი რამისკენ მოუწოდა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისკენ. რაც შეეხება საქართველოს, სარკოზიმ განაცხადა, რომ ის მიესალმებოდა, თუ საქართველო საკუთარ თავზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებას აიღებდა”, - განაცხადა იაკობაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველომ ეს ვალდებულება თავის თავზე უკვე აიღო 12 აგვისტოს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას და ახლა ის ადასტურებს, რომ მზადაა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ რუსეთთან და არა ოკუპირებულ რეგიონებთან.

”დადგა დრო, რუსეთში გაიგონ, რომ სარკოზის განცხადების შეცვლით სიმართლის ტყუილად გადაქცევას ვერ შეძლებენ”, - აღნიშნა იაკობაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0