2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლომდე შესრულებული არ არის - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

გამოწერა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი მიიჩნევს, რომ ”რუსეთს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ” ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია.

თბილისი, 20 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი მიიჩნევს, რომ ”რუსეთს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ” ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ოთხშაბათს რუსული მხარის განცხადების კომენტარისას განაცხადა. რუსული მხარე აცხადებს, რომ პერევიდან გასვლით რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მთლიანად შეასრულა.

კერძოდ, სამშაბათს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა, რომ სოფელ პერევიდან რუსული ჯარის გაყვანით საკითხი იმის შესახებ, რომ რუსეთი არ ასრულებს მედვედევ–სარკოზის გეგმას, საბოლოოდ დახურულია.

”ასეთი განცხადება რუსული მხრიდან მოსალოდნელი იყო... ეს რუსეთის პოზიციაა და არა ევროკავშირის”, - ჰაბერის სიტყვების ციტირებას ტელეკომპანია ”რუსთავი-2” ახდენს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანლის თქმით, ”ექვსპუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლომდე შესრულებული არ არის”.

”პერევიდან ჯარის გაყვანა - ამ შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. რუსეთი უნდა დაბრუნდეს პოზიციებზე, რომელიც მას ომამდე ეკავა”, - განაცხადა ჰაბერმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0