ხელისულების წარმომადგენლები ალასანიასთან ტელეეთერში 2011 წლის ბიუჯეტის განხილვას დათანხმდნენ

გამოწერა
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ირაკლი ალასანიას წინადადებას პირდაპირ ტელეეთერში სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხებზე დებატების ჩატარებასთან დაკავშირებით დათანხმდნენ.

 

თბილისი, 20 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის, პოლიტიკური პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას წინადადებას პირდაპირ ტელეეთერში სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხებზე დებატების ჩატარებასთან დაკავშირებით დათანხმდნენ, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს პარტიის პრეს-სამსახურში.

ორშაბათს პრესკონფერენციაზე ირაკლი ალასანიამ ქვეყნის ბიუჯეტი გააკრიტიკა, რომელიც, მისი აზრით, უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლებში ახორციელებს. ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგნელები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პირდაპირ ტელეეთერში მიიწვია, ”რათა საზოგადოებამ გაიგოს, როგორ ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხზე”. 

როგორც პარტიის პრეს-სამსახური იურწყება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ფინანსთან მინისტრის ნაცვლად, რომლებიც მიიწვია ალასანიამ დებატებში, მმართველი პარტიის პოზიციას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი დაიცავს.

ტელედებატები პირდაპირ ეთერში ოთხშაბათს, ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში 20:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში სექტემბრის ბოლოს წარადგინა. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 7 მილიარდ ლარს შეადგენს. ალასანიას აზრით, მცირდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება, ბიუჯეტი არ ითვალისწინებს პენსიების და დახმარებების გაზრდას პენსიონერებისათვის და იმ პირთათვის, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0