თბილისი, 20 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ საღამოს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც რუსული მხარის განცხადებასთან დაკავშირებით გაკეთდა, რომ რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სრულად შეასრულა.
კერძოდ, სამშაბათს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა, რომ სოფელ პერევიდან რუსული ჯარის გაყვანით საკითხი იმის შესახებ, რომ რუსეთი არ ასრულებს მედვედევ–სარკოზის გეგმას, საბოლოოდ დახურულია.
საგარეოპოლიტიკური უწყება აღნიშნავს: ”თუმცა, რეალობაა ის, რომ რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი, ხოლო ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებული ჰყავს რამდენიმე სამხედრო ბაზა და ათი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, ხოლო ასობით ათას დევნილს და იძულებით გადაადგილებულ პირს არ ეძლევა საშუალება, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდეს საკუთარ სახლებში. ამასთან, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ძალების, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლის დაბლოკვას და ხელს უშლის ჰუმანიტარული ტვირთების შეღწევას”.
”შესაბამისად, რუსეთის მცდელობა, რომ პერევიდან გასვლა იქნას კვალიფიცირებული, როგორც მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, განწირულია მარცხისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადებები, სადაც რუსეთს ცალსახად მიუთითეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრული იმპლემენტაციის საჭიროებაზე და ასე გაგრძელდება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის სრულ დეოკუპაციამდე”, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.