თბილისი, 19 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ამ კვირაში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით Millenium Challenge Corporation-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი დანიელ იოჰანესი (Daniel Yohannes) ჩამოვა, განაცხადა სამშაბათს ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
დანიელ იოჰანესის ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან.
ადრე სააკაშვილი და იოჰანესი ერთმანეთს ამა წლის სექტემბერში ნიუ-იორკში შეხვდნენ.
თბილისში განხილვის ძირითადი თემები იქნება მომავლის გეგმები, მათ შორის ბათუმში თანამედროვე ტექნოლოგიების საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის საკითხი.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა აშშ-ში ვიზიტის შედეგების მიხედვით, სახელმწიფო მდივნათან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ”მილენიუმის” პროგრამით მეორე ტრანშის გამოყოფის საკითხს. გილაურის განცხადებით, საკითხი ნოემბერ-დეკემბერში უნდა გადაწყდეს.
პროექტის Millenium Challenge პირველი ტრანში საქართველოში 2011 წლის მარტში სრულდება.
2005 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობასა და "Millenium Challenge Corporation"-ს შორის ხელი მოეწერა კონტრაქტს აშშ-ის სამთავრობო პროგრამის "Millenium Challenge Account"-ის ფარგლებში საქართველოსთვის 295.3 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. ხუთწლიანი პროგრამის მიზანი სიღარიბის დონის შემცირება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა.