თბილისი, 15 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ქვეყნის დეოკუპაციისკენ მიმართულ ნებისმიერ ნაბიჯს მიესალმება, განუცხადა პარასკევს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს პრემიერის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევაში, სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსული სასაზღვრო ჯარი უკან, ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა გადავა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მანამდე რუსული მხარე 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, კერძოდ, მეხუთე პუნქტის შეუსრულებლობაში არაერთხელ დაადანაშაულა, რომელიც რუსული ძალების საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებას ითვალისწინებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ”შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საომარი მოქმედებების საზღვრებს გარეთ საქართველოს ტერიტორიის დამატებითი ოკუპაცია განახორციელეს - ახალგორის რაიონის, სოფელ პერევის და ზემო აფხაზეთის”.
პარასკევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსული ბლოკ-საგუშაგო საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან შეიძლება მომავალ კვირაში გამოვიდეს.