თბილისი, 15 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. გადაწყვეტილება პერევიდან რუსული ჯარის გაყვანის შესახებ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საქართველო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულების მიღწევას უნდა ეცადოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პარასკევს ბიუროს სხდომაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევაში, სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსული სასაზღვრო ჯარი უკან, ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა გადავა.
”ეს პატარა ნაბიჯია, პერევი პატარა ნაწილია იმ შეთანხმების, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა, მაგრამ ეს დასაწყისია და ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ეტაპობრივად უნდა მივაღწიოთ ამ შეთანხმების სრულ შესრულებას”, - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ”საქართველომ უნდა მიაღწიოს ქვეყნის ტერიტორიიდან ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურის გაყვანას და დაიწყოს ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესი”.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მანამდე რუსული მხარე 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, კერძოდ, მეხუთე პუნქტის შეუსრულებლობაში არაერთხელ დაადანაშაულა, რომელიც რუსული ძალების საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებას ითვალისწინებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ”შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საომარი მოქმედებების საზღვრებს გარეთ საქართველოს ტერიტორიის დამატებითი ოკუპაცია განახორციელეს - ახალგორის რაიონის, სოფელ პერევის და ზემო აფხაზეთის”.
პარასკევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსული ბლოკ-საგუშაგო საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან შეიძლება მომავალ კვირაში გამოვიდეს.