რუსი სამხედროები პერევიდან შეიძლება შემდეგ კვირაში გამოვიდნენ - რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოწერა
რუსული ბლოკ-საგუშაგო საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან შეიძლება მომავალ კვირაში გამოვიდეს, განაცხადა პარასკევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

 

თბილისი, 15 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. რუსული ბლოკ-საგუშაგო საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან შეიძლება მომავალ კვირაში გამოვიდეს, განაცხადა პარასკევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა დაადასტურა, რომ რუსული მხარის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მსვლელობისას განაცხადა. ამასთან, ის ირწმუნებოდა, რომ პერევი - ეს ”სადავო ტერიტორიაა”.

კარასინის თქმით, ”რუსეთმა პერევიდან საკუთარი მესაზღვრეების გამოყვანა გადაწყვიტა, რომლებიც სადავო ტერიტორიაზე არიან განთავსებულები - სამხრეთ ოსეთის ჯავის რაიონის და საქართველოს საჩხერის რაიონის საზღვარზე. ეს შეიძლება უკვე შემდეგ კვირაში მოხდეს”.

სააგენტო ”რია ნოვოსტის” ინფორმაციით, რუსმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის დეკემბერში რუსმა მესაზღვრეებმა უკვე დატოვეს პერევი, რამდენადაც ის სადავო ტერიტორიაზე იმყოფება, რომელიც ადრე არ შედიოდა საქართველოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

”ჯერ კიდევ 2008 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გავსულიყავით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და დაგვეტოვებინა პერევი. მაგრამ იქ მაშინვე შეიჭრა მრავალრიცხოვანი ქართული სპეცრაზმი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა მომხდარს ქართული იარაღის უდიდესი გამარჯვება უწოდა. მაშინ ჩვენი მესაზღვრეები დაბრუნდნენ. მას შემდეგ ჩვენი მესაზღვრეების მშვიდ გასვლას ვამზადებდით. უახლოეს დღეებში, არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემდეგ კვირაში მოხდეს, ეს შესრულდება”, - განაცხადა კარასინმა.

დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ამის შემდეგ ”საკითხი პერევის შესახებ, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში ყველა მოლაპარაკებაზე ისმოდა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ ისმებოდა რუსეთის მიერ მედვედევ-სარკოზის გეგმის მიხედვით ვალდებულებების შესრულების შესახებ... დაიხურება”.

კარასინმა ასევე განაცხადა, რომ რუსული მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებდა საქართველოს ევროკავშირის დამკვირვებლების ხელმძღვანელობასთან, რომ არ დაეშვათ ქართული მხრიდან მორიგი ”პროპაგანდისტული შაბაში”.

”ჩვენ სერიოზულად ვვარაუდობთ, რომ ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფი ზემოქმედებას მოახდენს ჩვენს ქართველ პარტნიორებზე, რათა მათ თავი ღირსეულად, ცივილიზებული პარამეტრების ფარგლებში დაიჭირონ. ამას შეგვპირდნენ”, - განაცხადა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მანამდე რუსული მხარე 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, კერძოდ, მეხუთე პუნქტის შეუსრულებლობაში არაერთხელ დაადანაშაულა, რომელიც რუსული ძალების საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებას ითვალისწინებს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ”შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საომარი მოქმედებების საზღვრებს გარეთ საქართველოს ტერიტორიის დამატებითი ოკუპაცია განახორციელეს - ახალგორის რაიონის, სოფელ პერევის და ზემო აფხაზეთის”.

 

თბილისში რუსული მხარის განცხადებას საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან ჯარის გაყვანის შესახებ ”საქართველოს დეოკუპაციისკენ პირველ ნაბიჯად” აფასებენ. ”ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ რუსეთისგან გვესმის განცხადება დეოკუპაციის შესახებ, თუნდას ერთი სოფლისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სოფელ პერევის მოსახლეობისთვის”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბოკერიამ.

 

ყველა ახალი ამბავი
0