თბილისი, 14 ოქტომბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. უკრაინის ქალაქ ხარკოვში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ქართველი ჩოგბურთელი აუცილებლად ითამაშებს – ეს მეოთხედფინალურ მატჩებში ოქსანა კალაშნიკოვასა და სოფო შაფათავას მოგების შემდეგ გახდა ცნობილი.
პირველ ნომრად განთესილმა ოქსანა კალაშნიკოვამა და მე-4 რეიტინგის მქონე სოფო შაფათავა მეოთხედფინალურ შეხვედრებში დაამარცხეს ფრანგი ალიზ ლიმი 6:4, 6:3 და ბელორუსი პოლინა პეხოვას 6:4, 6:2, შესაბამისად. ეხლა კი, ნახევარფინალში მათ ერთმანეთთან პაექრობა მოუწევთ.
არც თუ ისე ცუდი შედეგები აქვთ ქართველ სპორტსმენებს წყვილთ შეჯიბრში. პირველი რეიტინგით მოთამაშე კალაშნიკოვამ და უკრაინელმა არეფიევამ მასპინძლებს – მალხასიანსა და პავლოვას 6:2, 6:4 სძლიეს და ნახევარფინალში მე-4 ნომრად განთესილ კიდევ ერთ უკრაინულ დუეტს (პივენი-ვასილევა) გაეჯიბრებიან.
ფინალში გასასვლელად იბრძოლებს შაფათავასა და სოფო ქვაცაბაიას მე-2 ნომრად მიჩნეული ტანდემიც. მათ უკრაინელებს – ივახნენკოსა და ლიტოვჩენკოს 6:4, 6:4 მოუგეს და ნახევარფინალში რუმინელ ბუზარნესკუსა და რუს შამაიკოს დაუპირისპირდებიან.
ხარკოვის საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათას დოლარს შეადგენს.