ბილეთები სპექტაკლზე ოლეგ ბასილაშვილის მონაწილებით ერთი თვით ადრე გაიყიდა

გამოწერა
თბილისში სპექტაკლი ”კოპენჰაგენი” ოლეგ ბასილაშვილის მონაწილეობით სრული ანშლაგით ჩაივლის - გრიბოედობის სახელობის სახელმწიფო თეატრში, სადაც დადგმა იქნება წარმოდგენილი, ბილეთები ერთი თვით ადრე გაიყიდა.

თბილისი, 14 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ხუთშაბათს საღამოს თბილისში სპექტაკლი ”კოპენჰაგენი” ოლეგ ბასილაშვილის მონაწილეობით სრული ანშლაგით ჩაივლის - გრიბოედობის სახელობის სახელმწიფო თეატრში, სადაც დადგმა იქნება წარმოდგენილი, ბილეთები ერთი თვით ადრე გაიყიდა.

თემურ ჩხეიძის ”კოპენჰაგენი” თბილისში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ტოვსტონოგოვის სახელობის დიდმა დრამატულმა თეატრმა ჩამოიტანა.

ოლეგ ბასილაშვილმა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, სპექტაკლში მუშაობას ”ძალიან საინტერესო” უწოდა.

”სრულიად ახალი სტილია, რადგანაც ჩვენ სპექტაკლში რაღაც გრძნობების გამოსახვა არ გვიწევს, თუმცა ეს გრძნობები თითოეულ გმირში ბობოქრობს... ვცდილობთ, ეს გრძნობები სუფთა მათემატიკურ ფორმულაში გადავიტანოთ, მაგრამ ეს საკმაოდ რთული იყო...”, - აღნიშნა მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბრისას რეპეტიციის დროს.

სპექტაკლში ოლეგ ბასილაშვილი დიდი დანიელი ფიზიკოსის ნილს ბორის როლს ასრულებს. ბორის მეუღლის - მარგარეტ ბორის როლს რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი მარია ლავროვა ასრულებს, ხოლო გერმანელი ფიზიკოსის ვერნერ ჰეიზენბერგის როლს - რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი ვალერი დეგტიარი.

სპექტაკლი ინგლისელი მწერლის მაიკლ ფრეინის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დაიდგა. 1999 წელს პიესამ მოლიერის პრემია, ხოლო 2000 წელს, როგორც საუკეთესო ინგლისურმა პიესამ, ტონის პრემია მიიღო.

ფრეინის პიესის გმირები ХХ საუკუნის გენიალური ფიზიკოსები ნილს ბორი და ვერნერ ჰეიზენბერგი, ატომური ბომბის შემქმნელები, კვლავ და კვლავ იმ დღეს უბრუნდებიან, როდესაც დიდი მოსწავლე გამოჩენილ მასწავლებელთან ჩავიდა, რათა... ვიზიტის მიზანი სამუდამოდ საიდუმლო დარჩება. ეს ადამიანები ხომ ცოცხლები აღარ არიან, ისინი, ვინც მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ კოპენჰაგენში შეხვდნენ ერთმანეთს. 

სპექტაკლში კვლევის საგანი თანამებრძოლების დიალოგი ხდება, რომლებიც საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ: მასწავლებელი და მოსწავლე მსჯელობენ და დავობენ მეცნიერების ამოცანებზე, მეცნიერის პასუხისმგებლობის შესახებ სამეცნიერო აღმოჩენების შესაძლო შედეგების გამო. სპექტაკლი მაყურებელს იწვევს ისეთი თემების განსასჯელად, როგორიცაა ადამიანური ნატურის პარადოქსები, ადამიანთა მისწრაფებების საიდუმლო მათი ხანდახან განუჭვრეტელი შედეგებით. 

თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ფესტივალი 29 სექტემბერს გაიხსნა და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0