თბილისი, 14 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ხუთშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური დიპლომით ”ყველაზე სახალხო რესტორანი საქართველოში” დააჯილდოვა ქართული ტრადიციული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორანი აღმოსავლეთ საქართველოში - ”მცხეთის სალობიე”.
”მცხეთის სალობიე” პირველი რესტორანი გახდა, რომელმაც პრეზიდენტისგან ”ყველაზე სახალხოს” ტიტულის დიპლომი მიიღო.
”ეს რესტორანი ბრწყინვალე მაგალითია იმისა, როგორ უნდა აწარმოო წარმატებული ბიზნესი საქართველოში. ეს ადგილი მართლაც ნამდვილად სახალხოა მრავალი წლის მანძილზე, სადაც სამზარეულოს მაღალი ხარისხის პირობებში დაბალი ფასები შენარჩუნდა ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროსაც კი - 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი ინგრეოდა”, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ”მცხეთის სალობიეს” ასევე ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო გადამხდელი უწოდა და რესტორნის თანამშრომლების წინ სიტყვით გამოსვლისას, კვლავ ქართული სამზარეულოს განვითარების მნიშვნელობის და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესახებ ისაუბრა.
”ცხოვრება ადგილზე გაჩერებული არ არის, ჩვენ ყოველთვის უნდა ვისწავლოთ. როგორც თავის დროზე სუხიშვილებმა აიღეს ქართული ხალხური ცეკვა, შექმნეს ახალი პროდუქტი და საერთაშორისო დონეზე გავიდნენ, ასევე უნდა განვითარდეს ქართული კულინარია”, - აღნიშნა სააკაშვილმა.
ბოლო დროს საქართველოს პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება ქართული სამზარეულოს განვითარების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ეს ტურიზმის განვითარებაში ქვეყნის სტრატეგიული სფეროა.
გუშინ პრეზიდენტი ხორცის გადამამუშავებელ კომბინატში იმყოფებოდა და უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველმა კულინარებმა ”თევზის ძალიან ცოტა სახეობა” აითვისეს კერძების მოსამზადებლად, ასევე არ არსებობს ხორციანი კერძების მრავალფეროვნება.
„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სამზარეულოთი და ეს სამართლიანია, რადგან ქართული სამზარეულო უნიკალურია, თუმცა, ჩვენ არ ვიცით საკვების ორი ძირითადი კომპონენტის დამუშავება – ხორცის და თევზის“, – განაცხადა სააკაშვილმა ოთხშაბათს, ნატახტარში ახალი ხორცკომბინატის მონახულებისას.
მანამდე სააკაშვილმა განაცხადა თბილისში კულინარიული სასწავლებლის დაარსების შესახებ, სადაც უფასოდ ისწავლიან ბავშვები დევნილთა ოჯახებიდან და ამ დაწესებულებას პრეზიდენტის რეზიდენციისთვის შეძენილი აღჭურვილობა გადაეცემა.