თბილისი, 14 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ხუთშაბათს თბილისში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ პარლამენტარებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე საქართველოში რეფორმების მსვლელობა განიხილეს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურში.
უკრაინულ დელეგაციას ხელძღვანელობს უმაღლესი რადის კომიტეტის თავმჯდომარე სამრეწველო და რეგულატორული პოლიტიკის და მეწარმეობის საკითხებში ნატალია კოროლევსკაია.
მოლაპარაკებების დროს განიხილეს საქართველოსა და უკრაინას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები და უკრაინაში ქართული რეფორმების გამოყენების შესაძლებლობა.
”გვესმის, რამდენად სწრაფად ვითარდება საქართველო... ჩვენ უკვე 19 წელია, დეკლარირებას ვახდენთ, რომ რეფორმების ჩატარება გვინდა და დღეს უკრაინას რეფორმების განხორციელების შანსი აქვს. ამისთვის მსოფლიოში არსებული კოლოსალური გამოცდილების კონსოლიდირებაა აუცილებელი. საქართველო, რეფორმების განხორციელების სისწრაფის და ეფექტურობის თვალსაზირისთ, ლიდერი ქვეყანაა”, - აღნიშნა კოროლევსკაიამ შეხვედრაზე.
სააკაშვილმა, ქვეყნის ტრანსფორმირებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში დეცენტრალიზაციის კუთხით სერიოზული რეფორმა დაიწყო.
”საქართველო პატარა ქვეყანაა და მისი მთავრობა მუდმივად უნდა გადაადგილდებოდეს - ის ყველგან უნდა იყოს”, - განაცხადა სააკაშვილმა და გაიხსენა, რომ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს - ბათუმში გადატანის შესახებ.