თბილისი, 14 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ხუთშაბათს საქართველოში საქართველოსა და ავსტრიის საგარეოპოლიტიკურ უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩასატარებლად ავსტრიიდან დელეგაცია ჩამოვიდა.
როგორც ჩამოსვლისას ჟურნალისტებს ავსტრიის დელეგაციის წევრმა შტეფან ლიმამ განუცხადა, კონსულტაციების დროს საუბარი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას შეეხება.
”ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ პოლიტიკური კონტაქტები ავსტრიასა და საქართველოს შორის რეგულარული გახდება”, - განაცხადა ლიმამ ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის ეთერში.
საქართველოსა და ავსტრიის საგარეოპოლიტიკურ უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები 14 ოქტომბერს გაიმართება.
”ბოლო დრომდე ავსტრია არ მიეკუთვნებოდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომელთაც საქართველოსთან განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობები აქვს. ჩვენი ურთიერთობები პოზიტიური იყო, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით ინტენსიური... ავსტრიას საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის დიდი პოტენციალი აქვს და ურთიერთობები ბოლო დროს აქტიური ხდება”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაელ შპინდელეგერი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ამა წლის მაისში იმყოფებოდა.
საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვრიდან დამყარდა. ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის ინტეგრაციას ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში.