თბილისი, 14 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ვნებიანი და ყოვლისმომცველი სიყვარული, რომელიც ადამიანებს რომანტიკული ურთიერთობების პირველ თვეებში ახასიათებთ, ოპიოიდური ანალგეზირებული საშუალებების და ნარკოტიკული ნივთიერებების მსგავსად, ტკივილის მიმართ მგრძნობიარობას აქვეითებს, აღნიშნულია მკვლევართა სტატიაში, რომელიც ჟურნალ PLoS ONE-ში გამოქვეყნდა.
ეს აღმოჩენა, ალბათ, სიყვარულს პოპულარულ ტკივიგამაყუჩებელ საშუალებად არ აქცევს, მაგრამ ის, შესაძლოა, ახალი სამკურნალო პრეპარატების შემუშავების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც პაციენტებს მწვავე ქრონიკული ტკივილის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება და დამხმარე ეფექტებს არ გამოიწვევს, ვარაუდობენ სტატიის ავტორები.
”ყოვლისმომცველი სიყვარულის გრძნობა არსებითად ზემოქმედებს სულიერ მდგომარეობაზე, ადამიანების განწყობაზე, რაც შედეგად ტკივილის აღქმის ცვლილებებს იწვევს. ამ ეფექტზე პასუხობს ევოლუციური თვალსაზრისით თავის ტვინის უძველესი სტრუქტურები, რომლებიც დოფამინის მონაწილეობით ფუნქციონირებს. დოფამინი - ნეირომედიატორია, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის განწყობაზე, კმაყოფილებაზე და მოტივაციაზე”, - განაცხადა პუბლიკაციის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა შონ მაკიმ. მისი სიტყვების ციტირებას სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის პრეს-სამსახური ახდენს.
”ჩვენ შევძელით გვეჩვენებინა, რომ ფიქრი საყვარელ ადამიანზე ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხს აგებს ტკივილის დაქვეითებაზე ანალგეტიკების მიღების, კოკაინის მიღებისას სასიამოვნო შეგრძნებების ან ლატარიაში დიდი თანხის მიღებისას სასიხარულო ემოციების შემთხვევაში”, - დასძინა მისმა კოლეგამ, პუბლიკაციის თანაავტორმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან არტურ აარონმა.
მსგავსი კვლევის ჩატარების იდეა მეცნიერებს ერთ-ერთ კონფერენციაზე მჭიდრო ურთიერთობის შემდეგ მოუვიდათ. ერთი მათგანი მუშაობდა სიყვარულის შესწავლაზე, ხოლო მეორე - ტკივილის, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”. ამ ურთიერთობის და განხილვის დროს მეცნიერებმა მოულოდნელად გააცნობიერეს, რომ მათ მიერ კვლევის ობიექტები აქტიურობით თავის ტვინის ერთსა და იმავე სფეროს უკავშირდება.
”ჩვენ გავავრცელეთ განცხადება სტენფორდის უნივერსიტეტის კამპუსით და რამდენიმე საათის განმავლობაში 15 მოხალისე ვიპოვეთ, რომლებიც, მათი თქმით, თავიანთ შეყვარებულებთან რომანტიკული ურთიერთობების პირველ, ყველაზე ნათელ და ეიფორიულ სტადიაში იმყოფებოდნენ. ეს ძალზედ მარტივია: როცა გიყვარს, გინდა, რომ ამის შესახებ ყველამ იცოდეს”, - დასძინა მაკიმ.
ექსპერიმენტის მსვლელობისას რვა გოგონას და შვიდ ყმაწვილს შეყვარებულების ფოტოების ყურება, ასევე ლამაზი ნაცნობი მეგობრების სურათების ყურება ელოდა. ამ დროს მათ ხელისგულზე მიმაგრებული იყო თერმოსტიმულატორი, რომელიც გაცხელებისას საგრძნობ ტკივილს იწვევდა. სურათების ნახვის და ამავდროულად თერმოსტიმულატორის გაცხელების დროს მეცნიერები მოხალისეების თავის ტვინის აქტიურობის სკანირებას ატარებდნენ.
მეცნიერები საყვარელი ადამიანების ფოტოების ნახვისგან ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს თერმოსტიმულატორის გაცხელების ხარისხით აფასებდნენ, რომლის დროსაც ტკივილი აუტანელი ხდებოდა. ამასთან, საკონტროლო ექსპერიმენტის მსვლელობისას მეცნიერებმა სიყვარულის გრძნობისგან ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი შეადარეს ტკივილის შეგრძნების დაქვეითებას, რომელიც გამოწვეული იყო ადამიანის ცნობიერების ყურადღების გადატანით. მაგალითად, მეცნიერები სთხოვდნენ მოხალისეებს, ეფიქრათ სპორტის სახეობებზე, რომელშიც ბურთი არ გამოიყენება, სანამ თერმოსტიმულატორის გაცხელება მიმდინარეობდა.
აღმოჩნდა, რომ ძლიერი შეყვარებულობის გრძნობა და ტკივილის გრძნობიდან აზრის გადატანა ამ ტკივილის შეგრძნების დაქვეითების საშუალებას ერთნაირი ხარისხით იძლევა. მაგრამ, როგორც თავის ტვინის სკანირებამ აჩვენა, ამ ორი ეფექტის ნეირონული მექანიზმები სრულიად განსხვავებულია.
”ყურადღების გადატანა ამოქმედებს თავის ტვინის სფეროებს, რომლებიც ცნობიერებაზე აგებენ პასუხს, მაშინ, როცა სიყვარულის გრძნობა დაკავშირებულია ეგრეთ წოდებული კმაყოფილების ცენტრების აქტივაციაზე - ტვინის უფრო პრიმიტიული სტრუქტურების, რომლებიც ტკივილის შეგრძნებას ბლოკავს ზურგის ტვინის დონეზე ისევე, როგორც ოპიოიდური ანალგეტიკები”, - განაცხადა პუბლიკაციის თანაავტორმა, ანესთეზიოლოგმა ჯარედ იანგერმა.
”თავის ტვინის ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთი, რომელიც მონაწილეობს ტკივილის გაყუჩებაში სიყვარულის გრძნობის დახმარებით, არის ეგრეთ წოდებული თანამდებარე ბირთვი, რომელიც პასუხისმგებელია ოპიოიდების, კოკაინის და სხვა ნივთიერებების შეჩვევაზე. ეს ცენტრი თითქოს მთელს ტვინს ეუბნება, რომ მან მათი მიღება უნდა გააგრძელოს”, - შეაჯამა მან.