თბილისი, 14 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ხუთშაბათს საქართველო მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ეს დღე ეძღვნება სასწაულმოქმედ უფლის კვართსა და სვეტი ცხოველს რომლებიც, გადმოცემის თანახმად, საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ინახება.
საქართველოში პირველი ქრისტიანული IV საუკუნისდროინდელი ეკლესიის ადგილზე ტაძარი მცხეთის შუაგულში 1010-1029 წლებში ოსტატმა არსუკისძემ ააგო. იმ დროისთვის ასეთი ტაძრები უკვე იყო აშენებული კახეთში - ალავერდი და ქუთაისში - ბაგრატის ტაძარი. სვეტიცხოველი მტრისგან არაერთხელ შეიმუსრა. მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია XV-XVII საუკუნეებში განხორციელდა.
როგორც თქმულება გვამცნობს, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში მცხეთის რაბინმა ელიოზმა იერუსალიმში მეომრებისგან უფლის კვართი შეიძინა, მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას სიდონიას უბოძა, რომელიც სიწმინდის ხელში აღებისთანავე გარდაიცვალა. მიცვალებულს კვართი ვერაფრით მოაშორეს და მასთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე დიდი კედარი გაიზარდა, რომელიც მცხეთის მცხოვრებლებმა წმინდად შერაცხეს და მას ეთაყვანებოდნენ, როგორც ღმერთს.
როდესაც IV საუკუნეში საქართველოში წმინდა ნინო კაბადოკიელი შემოვიდა და მცხეთაში ქრისტიანობა იქადაგა, ხე მოჭრეს, რათა მის ადგილზე ხის ეკლესია აეგოთ. თუმცა მთავარი ძელი ადგილიდან ვერ დაძრეს. გარკვეული დროის შემდეგ მცხეთის მცხოვრებლებმა დაინახეს, როგორ გაბრწყინდა ძელი. მისგან კეთილსურნელოვანი მირონი გადმოედინებოდა. გაბრწყინებული ძელის წყალობით მრავალი ადამიანი სასწაულებრივად განიკურნა.
საქართველოში პირველად ამ ადგილზე აშენდა ეკლესია თორმეტი ასურელი მამის პატივსაცემად, რომელიც მეთერთმეტე საუკუნეში შესანიშნავ ტაძრად იქცა. ამგვარად აღმოჩნდა ეს დიდებული ეკლესია ქრისტეს დამარხული კვართის ადგილზე. ქართული ეკლესიის ყველა მთავარი საეკლესიო მოვლენა, მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება სწორედ ამ ტაძარში ხდება.
წელს ტაძრის ათას წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ დელეგაციები ექვსი ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიიდან: ბულგარეთიდან, იერუსალიმიდან, ელადიდან, რუმინეთიდან, ამერიკიდან და ალბანეთიდან. საკათედრო ტაძრის ათასი წლისთავი მცხეთაში აღინიშნება. გაიმართება გალა-კონცერტი და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.