თბილისი, 13 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. 13 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანება გამოქვეყნდება, რომელიც საავტომობილო ტრანსპორტზე დაბურული მინების აკრძალვას ეხება.
რეგულირება 25%-ზე მეტად დაბურული მინების აკრძალვის შესახებ უკვე არსებობს ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში და მისი ძალაში შესვლისთვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებაა აუცილებელი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლაშა თორდიას განცხადებით, ამგვარი სტანდარტი ბევრ ქვეყანაში არსებობს - როგორც ევროპასა და აშშ-ში, ისე მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში.
როგორც პარლამენტარმა აღნიშნა, ასეთი ნორმა ”გზებზე უსაფრთხოებას უწყობს ხელს, რადგანაც სტატისტიკის მიხედვით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დიდი პროცენტი დაბურულ მინებს უკავშირდება - რისი შედეგიც ცუდი ხილვადობაა”.
”ასევე აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ეს ნორმა ხელს უწყობს პატრულის მუშაობის გაუმჯობესებას: მაგალითად, დაბურულმინებიანი ავტომობილის დევნისას საშიშროების ხარისხის განსაზღვრა ძნელია”, - აღნიშნა თორდიამ.
მისი აზრით, ახალი მოთხოვნების წყალობით გაუმჯობესდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონტროლი, ისეთების, როგორებიცაა ტელეფონით საუბარი და უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა.