თბილისი, 13 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისიის თავმჯდომარე დიკ მარტი (შვეიცარია) გამოვიდა წინადადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებული ”ჩიხიდან” გამოსასვლელად მაღალ დონეზე მოსმენების დღე დაინიშნოს, იუწყება ოთხშაბათს ევროპის საბჭოს ვებ-გვერდი.
”დაპირისპირებამ ადგილი დიალოგს უნდა დაუთმოს”, - განაცხადა დიკ მარტიმ.
მისი თქმით, როგორც ევროპის საბჭოსთვის, ისე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის და ომის შედეგები პრიორიტეტს წარმოადგენს.
მოსმენების გამართვა, წინასწარი მონაცემებით, 2011 წლის იანვრისთვის იგეგმება. მასში მონაწილეობა უნდა მიიღონ საქართველოს და რუსეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის ვითარების შესწავლის საერთაშორისო კომისიის წევრებმა (ხელმძღვანელი ჰაიდი ტალიავინი).
2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული ასამბლეა თითქმის ყოველ სესიაზე განიხილავდა რუსეთის და საქართველოს ურთიერთობებს. ორი არასრული წლის მანძილზე მან ხუთჯერ განიხილა საკითხი ”რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შედეგები”. პირველი განხილვა 2008 წლის ოქტომბერში მოეწყო. ბოლოს მოსკოვის და თბილისის ურთიერთობებზე 2010 წლის აპრილში იმსჯელეს.