საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისთვის საზღვრები გახსნა

© фото : РИА Новости Владимир АкоеффКПП "Верхний Ларс"
КПП Верхний Ларс - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ან დარეგისტრირებულები არიან ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში ოთხშაბათიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა აქვთ.

 

თბილისი, 13 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ან დარეგისტრირებულები არიან ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში - ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, დაღესტანში, ყაბარდო-ბალკარეთში, ყარაჩაევო-ჩერქეზეთში და ადიღეიში - ოთხშაბათიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა აქვთ. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 11 ოქტომბერს გამოსცა.

რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები არ არის. ორ ქვეყანას შორის 1990 წლიდან სავიზო რეჟიმი მოქმედებს. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის აღება საქართველოში შვეიცარიის საელჩოში - რუსეთის ინტერესების სექციაში შეზღუდული წესით შეუძლიათ, ხოლო საქართველოს ვიზებს რუსეთის მოქალაქეები, პრაქტიკულად, შეუზღუდავად იღებენ მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში, ასევე საქართველოში ჩამოსვლისას, აეროპორტებში. დღემდე ერთადერთ სახმელეთო რუსულ-ქართული საზღვრის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ”ყაზბეგი-ზემო ლარსი” ვიზები არ ფორმდებოდა, რაც ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისთვის პრობლემას ქმნიდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით იქნა მიღებული, რომ ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობა დანარჩენი რუსეთის მოსახლეობასთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაშია - ”ყაზბეგი-ზემო ლარსის” გამშვები პუნქტის გადმოსაკვეთად მათ თავდაპირველად ვიზა მოსკოვში უნდა აეღოთ.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის 90-დღიან უვიზო რეჟიმს ითვალისწინებს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორმა ია მახარაშვილმა განმარტა, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მაცხოვრებლებს შეუძლიათ ვიზებისთვის არ გადაიხადონ როგორც სახმელეთო გზით შემოსვლისას, ისე საქართველოს აეროპორტებში ჩამოფრენისას.

”უვიზო რეჟიმი შემოღებულია ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისთვის იმისდა დამოუკიდებლად, საიდან შემოვლენ ისინი საქართველოში - იქნება ეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ”ყაზბეგი-ზემო ლარსი”, თუ ნებისმიერ სხვა ოფიციალური გამშვები პუნქტი”, - განაცხადა მან.

რეგისტრაციის ან ჩაწერის დასადასტურებლად ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეებს აუცილებელია, თან ჰქონდეთ საერთო სამოქალაქო რუსული პასპორტები.

მოსკოვში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობისთვის ცალმხრივი წესით ვიზების გაუქმების შესახებ თბილისის პროპაგანდის მორიგი ნაბიჯი უწოდეს. 

”იმ სახით, როგორც ჩანს, ამის გაკეთებას აპირებენ - ეს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს გვაგონებს”, - ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ჟურნალისტებთან თბილისის განცხადების თაობაზე. ”ცივილიზებულ პარტნიორებს შორის მიღებული ურთიერთობების ფარგლებში, ამის ურთიერთსაფუძველზე  განხილვაა  მიღებული”, - აღნიშნა მინისტრმა. 

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ერთადერთი მიზანი აქვს - ტრადიციული დიალოგის გაღრმავება, რომელიც კავკასიელ ხალხებს შორის მრავალი საუკუნის მანძილზე არსებობდა.

”პრეზიდენტი სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ერთიანი კავკასიის შესახებ მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვიდა და ეს გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის თაობაზე ამ ინიციატივასთან პირდაპირ კავშირშია”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

”ყაზბეგი-ზემო ლარსის” გამშვები პუნქტი სამი წელი არ მოქმედებდა. ის რუსული მხარის გადაწყვეტილებით დაიკეტა, რომელმაც განაცხადა, რომ საჭირო იყო პუნქტის გარემონტება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა. გამშვები პუნქტის მუშაობა 2010 წლის 1 მარტს აღდგა.

ამჟამად სასაზღვრო გამშვები პუნქტი აღჭურვილია 12 ხაზით სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის - 6 გასასვლელად და ამდენივე - შემოსასვლელად. ასევე ორი სარეზერვო ხაზი. პუნქტის გამშვებუნარიანობა დღეღამეში 7 ათასამდე ადამიანი, 50-მდე ავტობუსი და 500-მდე ავტომობილია.

 

ყველა ახალი ამბავი
0