თბილისი, 12 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. მართლმადიდებლური დღესასწაული - მცხეთობა-სვეტიცხოვლობა წელს განსაკუთრებით საზეიმოდ აღინიშნება, განაცხადა ბრიფინგზე სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
”საკათედრო ტაძრის ათასი წლისთავი მცხეთაში აღინიშნება. გაიმართება გალა-კონცერტი და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება”, - განაცხადა მანჯგალაძემ.
წელს ტაძრის ათას წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ დელეგაციები ექვსი ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიიდან: ბულგარეთიდან, იერუსალიმიდან, ელადიდან, რუმინეთიდან, ამერიკიდან და ალბანეთიდან. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, დღესასწაულზე თითქმის ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების ჩამოსვლას ელოდებიან.
სვეტიცხოვლობას საქართველოში ორჯერ აღნიშნავენ - 14 ოქტომბერს და 13 ივლისს.