საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიისთვის უვიზო რეჟიმი დიალოგის გაღრმავებისთვის შემოაქვს

გამოწერა
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ერთასდერთი მიზანი აქვს - ტრადიციული დიალოგის გაღრმავება.

 

თბილისი, 12 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ერთასდერთი მიზანი აქვს - ტრადიციული დიალოგის გაღრმავება, რომელიც კავკასიელ ხალხებს შორის მრავალი საუკუნის მანძილზე არსებობდა, განაცხადა სამშაბათს ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, ინიციატივა კავკასიელი ხალხების დაახლოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაახმოვანა.

”პრეზიდენტი სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ერთიანი კავკასიის შესახებ მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვიდა და ეს გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის თაობაზე ამ ინიციატივასთან პირდაპირ კავშირშია”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მან განაცხადა, რომ ამ რესპუბლიკების მაცხოვრებლებს ბოლო დრომდე ქართული ვიზების მიღებისთვის მოსკოვში უწევდათ წასვლა მაშინ, როდესაც უახლოეს სასაზღვრო პუნქტ ”ყაზბეგი-ზემო ლარსამდე” მისვლა რამდენიმე საათშია შესაძლებელი. 

ამ რესპუბლიკებთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ უსაფრთხოების საკითხზე საუბრისას პრეს-სპიკერმა აღნიშნა, რომ ”უსაფრთხოება სხვა მეთოდებით და საშუალებებით რეგულირდება და არა სავიზო რეჟიმით”.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის განკარგულების თანახმად, 13 ოქტომბრიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმი ამოქმედდება, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის 90-იან უვიზო რეჟიმს ითვალისწინებს. ეს მოქალაქეები უნდა იყვნენ რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში - ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, დაღესტანში, ყაბარდო-ბალკარეთში, ყარაჩაევო-ჩერქეზეთში და ადიღეიში ჩაწერილები.

 

ყველა ახალი ამბავი
0